„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს ომსა და მშვიდობას შორის რეფერენდუმად აცხადებს.
მმართველი გუნდი, რომელიც ბოლო წლებია ომის შესახებ კონსპირაციას ავითარებს, აპირებს, რომ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა სწორედ შეთქმულების თეორებით სცადოს. ისინი დაუფარავად აშინებენ მოსახლეობას, რომ თუ თავად არ გაიმარჯვეს არჩევნებში, ომი დაიწყება.
როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ოპოზიციური პარტიები „ოცნების“ ამ საარჩევნო კონსპირაციებს, აქვთ თუ არა რაიმე სტრატეგია ამის წინააღმდეგ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ნეტგაზეთი ამის გარკვევას შეეცადა.
რას ამბობს „ოცნება“
26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად არამხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ მისი ოპონენტებიც სახავენ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით — მათთვის ეს არჩევნები რეფერენდუმია ევროპასა და რუსეთს შორის ისევე, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც მაისში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, განაცხადა, რომ:
„ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა“.
16 ივლისს კი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის გახნისას, პარტიის დამფუძნებელმა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის რეფერნდუმად გამოაცხადა.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის,“ — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს, მანამდე კი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაცაიზე ისაუბრა, რომელსაც ის და მისი გუნდი ავითარებს.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
სინამდვილეში, ყველას, ვისაც მმართველი გუნდი „გლობალური ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
წლების განმავლობაში „ომის პარტიას“„ოცნება“ ჯერ შიდა ოპონენტებს — „ნაციონალურ მოძრაობას“ — ეძახდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კრიტიკამ დასავლეთიდანაც იმატა, „ომის პარტიას“ დაემატა ერთი სიტყვა „გლობალური“.
წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ არჩევნებში ერთამენთს არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, „ქართული ოცნება“ და „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაუპირსპირდება, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე „დისკრედიტირებულ პარტიას“ აერთიანებს.
„ოცნების“ კონსპირაციის თანახმად, სწორედ „გლობალური ომის პარტია“ დგას „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ უკან.
„შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის გამო, რომ ომის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსპირაციები ახალი არაა, არჩევნების მთავარ ნარატივად მათი ქცევა მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი პარტიის ოპონენტებისთვის. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ოცნება“ შეთქმულების თეორიებით ცდილობს ის მთავარი გამოწვევები გადაფაროს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
ამიტომ ოპოზიციის ნაწილის აზრით, ახლა მმართველ ძალის გამოგონილ კონსპირაციებზე კონცენტრირება სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს.
რას ფიქრობენ ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას აზრით, ბიძინა ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომ მისი თქმით, მათთვის მთავარი ამოცანა ახლა ფაქტებზე საუბარია.
„ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე და მუდმივ კონსპირაციის თეორიაზე, რითაც ცდილობს კვებოს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი 26 ოქტომბერს.
ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე დაფუძნებით, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და გაკეთოს ინფორმირებული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ,“ — განაცხადა თინა ბოკუჩავამ 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, ივანიშვილის მცდელობა არჩევნები წარმოაჩინოს რეფერენდუმად ომს და მშვიდობას შორის, თავად არის არის კონტრზომა საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების გასაბლარად.
მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხი საზოგადოებაში შექმნილ განწყობაზე, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია ევროპასა და რუსეთს შორის.
ამიტომ გიგა ლემონჯავას აზრით, ოპოზიციას „ოცნების“ ნარატივთან დაკავშირებით კონტრზომები მისაღები არ აქვს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ომის შიშის ნარატივი ერთი დიდი კონტექსტის ნაწილია, რომლის ამოცანაა, საზოგადოება დააშინოს, მოატყუოს და ამ შიშით შეპყრობილმა არჩევანი ვერ გააკეთოს.
„Სერიოზულად ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში იქნება ომი, არის სისულელე და შეცდომა იმიტომ, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკოსები, რომლებიც იაზრებენ, რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის საერთაშორისო ურთიერთობები, როგორი უნდა იყოს სამეზობლო პოლიტიკა და მათ შორის, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე, ეს არის ოპოზიცია. თუ ვინმე არის არასტაბილურობის და ტერორის წყარო, ეს არის ხელისუფლება.
ამიტომ „ქართული ოცნების“ ამ პროპაგანდაზე სერიოზული პასუხი, ჩემი აზრით, შეუძლებელია. არავითარი ომი ამ ქვეყანაში არ იქნება, ეს არის ტყუილი. „ქართული ოცნება“ ცდილობს შეაშინოს ჩვენი თანამოქალაქეები და ამ შიშის ფონზე გააკეთონ არასწორი არჩევანი. Ჩვენი კოალიციის კამპანია იქნება რეალურ საჭიროებებზე მორგებული და ამაზე ვაპირებთ ლაპარაკს და არა ივანიშვილის მიერ გამოგონილ სისულელეებზე,“ — აცხადებს გიგა ლემონჯავა ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
პარტიაში „გახარია – საქართველოსთვის“ მიაჩნიათ, რომ მათ „ოცნების“ „ძირგავარდნილი“ პროპაგანდის გამო სამტკიცებელი არაფერი აქვთ.
როგორც ბექა ლილუაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, „ქართული ოცნება“ ძალიან პრიმიტიული ტაქტიკით მოქმედებს, რაც ყოველგვარი რაციონალური არგუმენტის და საფუძვლის გარეშე ადამიანების შიშებსა და განცდებზე ძალადობაში გამოიხატება.
„ქართული ოცნების“ ამ რიტორიკაში ყველაზე ამორალური ისაა, რომ ობიექტური შიშებს, რომელიც საზოგადოებას აქვს ომის მიმართ, იყენებს პოლიტიკური მოტივებით. ერთი მხრივ, ის ცდილობს 2008 წლის ტრავმების შიდაპოლიტიკურ კონტექსტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას და ჩვენს პარტნიორებთან. მეორე მხრივ, ეწევიან ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაციას, რომლებიც სინამდვილეში ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი და ამასთან, ასეთი ავტორიტარული რეჟიმისთვის საფრთხე არიან.
ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სივრცეში ყველას აწებებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ამ ადამიანების ობიქტური შიშები და განცდები ამ ომთან დაკავშირებით მიაწებონ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიქეტებს. Ეს არის „ქართული ოცნების“ ძალიან პრიმიტიული ტაქტიკა,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი ნეტგაზეთთან.
ამიტომ, ლილუაშვილის თქმით, მისი პარტიის სტრატეგია ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციაა.
„Ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ყველა პარტია — დავდივართ სოფელ-სოფელ და ადამიანთა ჯგუფებს ვესაუბრებით. Როცა მასობრივი მედიასაშუალებები არის პოლარიზებული, ჩვენ გვრჩება ადამიანებთან პირდაპირი, კომუნიკაციის საშუალებები და უშუალოდ საუბარი.
ეს უნდა გამოიყენოს ყველამ და რა თქმა უნდა, ეს მუშაობს. ეს რომ არ მუშაობდეს, დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე არ იქნებოდა. ეს პროპაგანდა რომ მუშაობდეს და საზოგადოება ამას არ უპირისპირდებოდეს, საზოგადოებაში პროდასავლური განწყობები იქნებოდა შემცირებული. Როცა ეს კი არ იცვლება, არამედ ძლიერდება, როცა ვხედავთ, რომ ასეთი პროპაგანდისტი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა მცირდება, ეს ნიშნავს, რომ ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი არჩევნებზე და ჩვენი ყურადღება მთლიანად ამაზე გვაქვს კონცენტრირებული,“ — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
პარტია „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ ომთან დაკავშირებით „ოცნების“ გზავნილზე საპასუხოდ დიდი რესურსი უნდა ჩადონ.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ოპოზიციის მთავარი ხაზი მოქალაქეებისთვის იმის ჩვენებაზე უნდა გადიოდეს, რომ ამ არჩევნებში რეფერენდუმი იმაზეა, უნდა შეურთდეს თუ არა საქართველო რუსეთს.
სამადაშვილის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, Მათ შორის, მოკავშირეების დახმარებით, მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს უნდა აუხსნან, რომ მათი უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი ხიფათი და გამოწვევა რუსეთის პირისპირ საქართველოს მარტო დატოვებაა.
„Მე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პროპაგანისტული მეთოდებით იყენებს იმ რეალურ გამოწვევებს, რაც არსებოს გეოპოლიტიკური საფრთხეების თვალსაზრისით რეგიონში, რათა დააშინოს საქართველოს მოქალაქეები და უარი ათქმევინოს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.
Რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნურად მოგონილი პროპაგანდა, მათ შორის. მითი, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, მაგრამ მე არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების გამოწვევებზე საერთოდ არ უნდა ველაპარაკოთ. Ვფიქრობ, მეტმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რეალურად მათ სწორედ საკუთარ უსაფრთხოებაზე უარის თქმას და რუსეთზე გადაფორმებას აიძულებს „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით,“ — ამბობს სალომე სამადაშვილი ნეტგაზეთთან.
თუმცა სამადაშვილის თქმით, ამის პარალელურად არ აპირებენ უარი თქვან იმ რეალურ გამოწვევებზე ესაუბრონ მოქალაქეებს, რაც ქვეყანაშია და რომელზეც ლაპარაკი „ქართულ ოცნებას“ არ სურს.
რა უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პოლიტიკის მკვლევრის, ნინო სამხარაძის მოსაზრებით, არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მთავარ ნარიტავად ქცეული კონსპირაციის Საერთოდ იგნორირებამ, თუნდაც იმ გამართლებით, რომ ამის გამო სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მიიჩქმალება, შესაძლოა, დამატებითი რისკები წარმოშვას.
მისი თქმით, ამ წამს „ოცნების“ ნარატივი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მანამდე იყო, რადგან ის ბევრად უფრო ფართოა.
„Ნებისმიერ შემთხვევაში საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარატივი არის კონსპირაციული. Როგორც წესი, კონსპირაციებს რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობ, ისინი მით უფრო ღრმავდება საზოგადოებაში. Ზოგადად, შეიძლება ასე ვიმსჯელოთ, თუმცა როცა საქმე ეხება არჩევნების განზომილებას, სადაც ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ და მათი კონსპირაციებში ჩათრევა/არ ჩათრევა უკვე ხმებსა და პოლიტიკურ პროცესებში უნდა აისახოს, აქ ამ ნარატივის ნებისმიერი მიზეზით უგულებელყოფა, შეიძლება შეცდომა იყოს არამხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ზოგადად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის,“ — აცხადებს ნეტგაზეთთან ნინო სამხარაძე.
მისი თქმით, ჯანსაღ წინასაარჩევნო კამპანიაში საგნობრივი საკითხებზე საუბარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა ახლა ოპოზიციამ ის რისკებიც უნდა გათვალოს, რასაც „ოცნების“ კონსპირაცია ქმნის და საკუთარი რესურსები და სტრატეგიები სწორად გამოიყენოს.
როგორც ნინო სამხარაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ომისა და მშვიდობის ნარატივი მარტივია და რაც უფრო მარტივია, მით უფრო ადვილად მუშაობს. მისი თქმით, ეს შესაძლოა განსაკუთრებულ საფრთხეს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდეს, სადაც სამთავრობო პროპაგანდისტული არხები უფრო ყურებადია და ამომრჩევლისთვის ობიექტური ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია.
„Ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რომელსაც ომის დანამდვილებით ეშინია. ეს შიში დაფუძნებულია კონკრეტულ გამოცდილებაზე და არა მაინცდამაინც ომის შესახებ რაღაც ტიპის იდეაზე. აქ მთავარი ისაა, რომ ამომრჩეველს, რომელმაც საკუთარ ზურგზე გადაიტანა ომის სიმძიმე, ან ამომრჩეველს, რომელსაც საკუთრივ ომისგან ზიანი არ მიუღია, მაგრამ მაინც ტრავმულად ახსოვს, რომ მის ქვეყანაში ომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ომის აცილება ნებისმიერ შემთხვევაში ყველას ინტერესშია, როგორი ტიპის აქტორიც არ უნდა იყოს. ეს, პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიებისგან უნდა მოდიოდეს,“ — ამბობს ნინო სამხარაძე.
ნინო სამხარაძის მოსაზრებით, ერთი მხრივ, ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ის, რასაც „ოცნება“ ძირითად საარჩევნო დიქოტომიად იყენებს, აბსოლუტურად აბსურდულია, მეორე მხრივ, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ კონსპირაცია კიდევ უფრო არ გააღრმავოს.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა ახსნას, რომ ომის აცილება ყველას ინტერესშია და უბრალოდ მშვიდობის გზებია სხვადასხვა.
„ამის ჩვენებაა მნიშვნელოვანი თუნდაც ამომრჩევლის ტრავმირებული ნაწილისთვის, რადგან მათ დანამდვილებით სჭირდებათ მშვიდობა და უსაფრთხოება.
ნამდვილად ფაქტა რომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, მათემატიკურად და ტექნიკურად, რომლის დროსაც ომი ან რაიმე ტიპის შეიარაღებული დაპირისპირება ამ ქვეყანაში არ ყოფილა. აქ იმის ჩვენებაა საჭირო, რომ ეს არ არის ურთიერთდაკავშირებული ორი მოვლენა, ეს არის პროცესი, რომელიც ერთმანეთის პარალელურად წავიდა და არა ის, რომ მაინცდამაინც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ქვეყანა რუსეთთან დაახლოების გზის შედეგად მიიყვანა მშვიდობიან პერიოდამდე,“ — ამბობს ნინო სამხარაძე.
ნინო სამხარაძის აზრით, ახლა ოპოზიციას 3 რამის გაკეთეა შეუძლია:
-
„Პირველ რიგში, მათ აქტიურად უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ თანამშრომლობით შეძლონ საკუთარი თავის გაკეთილშობილება, რათა ხალხმა მათ დაუჯეროს, რომ ომი არ არის მათი ინტერესი. Ეს თანამშრომლობები რაც უფრო მეტ სახეს მოიზიდავს მათი ნარატივის გასავრცელებლად, ამომრჩეველში ნდობა მით უფრო ძლიერი იქნება. Შესაბამისად, ამ კონსპირაციების მიმართ ამომრჩეველთა მედეგობა მით უფრო გაძლიერდება.
-
Რადგან ამ კონსპირაციის ნაწილი საერთაშორისო აქტორები და ჩვენი ტრადიციული მეგობრები არიან, მათთან აქტიური თანამშრომლობით და შეთანხმებითაც ოპოზიციის პოზიციონირება. Მათ შეუძლიათ მოიმხრონ ევროპელი პოლიტიკოსების ერთგვარი მხარდაჭერა, რომელთა მიმართ ქართველ ამომრჩეველს საბოლოო ჯამში მაინც აქვს გარკვეული ტიპის ნდობა და რწმენა, რომ რაღაცას დასავლელი პოლიტიკოსები ბევრად უფრო რაციონალურა და ადეკვატურად გვეუბნებოდნენ, ვიდრე ამ შიდა ტურბუნენტულ ველში. Ჩემი აზრით, Მათთან შეთანხმებული მოქმედებები იქნებოდა ნახტომი სანდოობის გასაზრდელად. Თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოიზიდონ დასავლელი პოლიტიკოსები შიდაპოლიტიკურ ველში ჩასარევად. Აქ უნდა აჩვენონ ოპოზიციურმა პარტიებმა ძლიერი თანამშრომლობის მაგალითები.
-
ცხადია, საჭიროა, ძალიან აქტიური საგნობრივი კამპანია, მოსახლეობისთვის იმის ჩვენება, რომ ჩემი პოლიტიკა, რომელსაც მე შენ გთავაზობ არის განსხვავებული და სარგებლიანი“.
ნეტგაზეთი