ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას მოსახლეობა რწმუნებულს იზა მათითაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, სოფლის რწმუნებული მათ საკუთარი ოჯახის მიწის ნაკვეთებზე მუშაობას და სახლის დალაგებას აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
“სოციალურ დაუცველებს ეუბნება, რომ მოგეხსნებათ დახმარება, ხომ იცით, ხელს გიწყობთო. ხალხი ამბობს, რომ აი მემუქრება.. შვილია ჩემი დასაქმებული იქ, მე სოციალური მაქვს და მეშინია. ვეუბნები, ხალხო რისი გეშინიათ, სოციალური ხომ მთავრობამ დაგინიშნათ… ამბობენ, რომ ეგ ყველაფერს იზამს, ყველაფერზე ხელის მომწერია… მოდის და მისი ძმის პრობლემებს ეს აგვარებს. პოლიციის პიკაპის წინ დგას ეს ქალი, სახელმწიფო მოხელე და ეკომიგრანტს ამცირებს და ეუბნება, ვინ ხარ შენ ჩამოთრეულოო… შევარდებიან, კრეფენ, ულაგებენ სახლს… სახლი ახალი აშენებული აქვს, ასეთ დუხჭირ პერიოდში სახლი ააშენა, გაარემონტა და გამოაწყო. რითი? რწმუნებულის ხელფასი რამდენია?!”- აცხადებს სოფელ აცანას მცხოვრები თამუნა ჩხაიძე.
სოფლის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ირინა ინარიძე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ქართული ოცნების ხელწერაა
სოლიდარული ვარ ამ ადამიანების მიმართ და არც გამკვირვებია. ეს არის ქართული ოცნების ხელწერა და დარწმუნებული ვარ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ასე. მადლობელი უნდა ვიყოთ ამ ადამიანების, რომ გამბედაობა ეყოთ ეს დაეფიქსირებინათ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რატომ უნდა გავისტუმროთ და ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ქართული ოცნება – განაცხადა ირინა ინარიძემ.
ერთიანობის წარმომადგენელი დავით მჟავანაძე ამბობს, მისი ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ლანჩხუთის მერმაც იცოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა