თხილის მოსავლის აღება თითქმის სრულად დასრულებულია. მოცულობა კი, სამიზნე მაჩვენებელ, 60 000 ტონას აღემატება. ამის შესხებ, “ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი თოდუას თქმით, მოსავლის მესამედი უკვე გასულია ექსპორტზე. საექსპორტო ქვეყნებში კი კვლავ იტალია და გერმანია ლიდერობენ.
,,თხილის თითქმის მთელი მოცულობა უკვე დაბინავებულია. არის ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს შრობას. რაც შეეხება გარჩევას, დასაწყობებას, შრობას – ეს პროცესი უკვე დასრულებული. ახლა მიმდინარეობს რეალიზაცია. ფასი კი დამოკიდებულია ხარისხზე და გაუტეხავის ფასი მერყეობს 5-დან 7.50-ლარამდე. გულის ფასი კი დაახლოებით 15 ლარია ერთი კილოგრამზე.
ზუსტი მონაცემი არ არის, მაგრამ გასულ წელთან შედარებით დაახლოებით, 25%-ით არის გაზრდილი წელს მოსავლიანობა. საუბარია 60 000 ტონაზე მეტ თხილზე. ამ სექტორში გამოწვევები კიდევ რჩება, როგორც ფაროსანა, ასევე სხვა დაავადებები და საჭიროა ფერმერების მხრიდან მეტი მუშაობა, რადგან პოტენციალი ბევრად დიდია.
გაუტეხავ თხილზე რომ დავიანგარიშოთ, 20 000 ტონაზე მეტი უკვე გასულია ექსპორტზე. ანუ მესამედი უკვე გაყიდულია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი კვლავ იგივეა, გერმანია და იტალია ლიდერობენ“, – განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს – 35 ათასი ტონა შეადგინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2021 წლის სეზონის დასაწყისში მოსავლის 10-15%-ით ზრდას ელოდა.