ანთროპოლოგი გურულებზე

ანთროპოლოგი გურულებზე
.
ცნობილი ექიმი და ანთროპოლოგი ივანე პანტიუხოვი მე-19 საუკუნის ბოლოს ანთროპოლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებდა კავკასიელებზე, მათ შორის თავის ნაშრომში აღწერს გურულების ანთროპოლოგიურ თავისებურებებს. როგორც მისი ნაშრომიდან ჩანს მას ანთროპოლოგიურად შეუსწავლია სოფელ სამღვთოდან თბილისში ჩასული გურულ და-ძმა გიორგი და პელაგია ბოლქვაძეები (22 და 16 წლის), რომლებიც მისივე თქმით პირველად მოხვდნენ ქალაქში, პანტიუხოვი ბოლქვაძეებზე წერს:
.
„მათი ხასიათი პირველ რიგში ჩანს მათივე თავისუფალ და ამაყ თავდაჭერაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოხვდნენ მათთვის სრულიად უცნობ გარემოში, მათ ქცევაში აშკარად იკვეთება საკუთარი თავისადმი პატივისცემა და პიროვნული ღირსება, რაც თავისთავად აჩვენებს ამ ტიპის თვითმყოფადობას, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავად თვალნათლივ ჩნდება მათთან ურთიერთობაში.“
.
პანტიუხოვი გურულების ტიპაჟთან დაკავშირებით უთითებს გურულების მცირე ანთროპოლოგიურ მსგავსებას სემიტურ ტიპთან და რის შემდეგაც აღნიშნავს – „გურულების განსაკუთრებული მუსიკალურობა, მიდრეკილება რისკიანი საქმეებისა და ყაჩაღობისკენ, ასევე ორგანიზებულობის ზოგიერთი თავისებურებები აჩვენებს, რომ ამ შერეულ ტიპს სხვა წარმომავლობა აქვს, ვიდრე მათ მეგრელ მეზობლებს.“
.
„გურულები ყველა ქართველზე და თუნდაც იმერელებზეც კი ბევრად უფრო ფეთქებადი და ცხარე ხასიათის არიან, სიმაყე მათში ძლიერადაა გამოხატული. ამავდროულად არიან თამამნი, მამაცნი, მოხერხებულნი, ბრწყინვალე მსროლელები და შესანიშნავი ფეხოსნები.
.
არიან მოხდენილები, ლამაზები, ურთრთიერთობებში თავაზიანები და დელიკატურები, აქვთ კეთილშობილური მანერები და სავსენი არიან ღირსებით გრძნობით. გურულები სულით პოეტები არიან, რადგანაც ცხოვრობენ უფრო გრძნობებითა და ვნებებით, ვიდრე ცივი გონებრივი განსჯით.
.
ადგილობრივებსა და ჩამოსულ ელემენტებში ისინი, ცნობილი არიან როგორც რაინდული სულის მქონე ყაჩაღები. მაგალითად თუ კი გაძარცვეს ვაჭრები, რომლებიც ქალბატონებთან ერთად ერთი ეკიპაჟით მგზავრობენ, ისინი თავაზიანად და აშკარა გულწრფელობით, ბოდიშს უხდიან ქალბატონებს მათი მიზეზით გამოწვეული შიშისა და შფოთვის გამო.“
.
– И. И. Пантюхов – “Антропологические наблюдения на Кавказе” Тифлис 1893 г. (ფოტო ამავე წიგნიდან – და-ძმა გიორგი და პელაგია ბოლქვაძეები სოფელ სამღვთოდან)
– Русская расовая теория до 1917 года. Сборник оригинальных работ русских классиков. под редакцией В. Б. Авдеева ТОМ II (Антропологические типы Кавказа И. И. Пантюхов СПб, 1893) (2002)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share