საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ემიგრანტების დაშინების მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იმ ნაწილს, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ, აჯერებენ, რომ მათთვის საარჩევნო უბანზე მისვლა საშიშია.
როგორც მან “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა – საარჩევნო უბანი საცხოვრებლიდან შორს, რომელიც ხელს უშლის ემიგრანტს, საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
”თუ ავიღებთ საფრანგეთის მაგალითს, არის 40-50 ათასი ადამიანი, მათ შორის 20 ათასი ლეგალი და 20 ათასი არალეგალი. როგორ უნდა მიიღონ მონაწილოება მათ, ვინც ცხოვრობს ნიცაში და არის მხოლოდ ერთი საარჩევნიო უბანი სამხრეთით, ათას კილომეტრში. არ ხსნიან სხვა უბანს და 40 ათასი ადამიანისთვის რჩება მხოლოდ 1 საარჩევნო უბანი.
ასევე აჯერებენ ხალხს, რომ თქვენ არალეგალები ხართ, იქ არის ფრანგული პოლიცია და რისკია, არ უნდა წახვიდეთ. მაგრამ ამაში არანაირი რისკი არ არის, ელჩები ამბობენ ღიად, რომ პირიქით, ყველა ელის, საქართველომ გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს თითო ხმა და შეუძლია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“,- ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, დაარსებულია რამდენიმე მოძრაობაც, რომელიც მათ დაეხმარებათ ყველა საჭირო პროცედურის გავლაში.
ოთარ ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ემიგრანტი ემზადება 26 ოქტომბრისთვის და აუცილებლად მივლენ სარჩევნო უბანზე.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ახლა თუ არ მისცა ხმა და საკუთარი არჩევანი არ დააფიქსირა, ჩვენი საერთო საქმე ცუდად წავა. რადგან თითო ხმა დასათვლელი და ჩასაგდებია“,- დასძინა მან.