საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს ჩატარებულ სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ სხდომაზე, მისი ჩართვა ვიზუალური გამოსახულების გარეშე დასტურია იმისა, თუ ვისი ეშინია ხელისუფლებას ყველაზე მეტად.
მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე “ქართული ოცნება” ოპოზიციის დისკრედიტაციას შეეცდება და სწორედ ამ მიზეზით, სხვადასხვა ჩანაწერს გამოაქვეყნებს.
”ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.
მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.