საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან 3 წელი გავიდა – ზუსტად 3 წლის წინ, 1-ელი ოქტომბრის დილას, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას Facebook-ით ამცნო – “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”. მოგვიანებით, მან უკვე ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მთელი დღის განმავლობაში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო და ვერ შემოვიდოდა, რადგან მას საზღვარზე დააკავებდნენ. მამუკა მდინარაძე იმასაც ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტი კურორტ ტრუსკავეცში იყო.
1-ელი ოქტომბრის დილით გავრცელებულ განცხადებაში შსს ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს საზღვარი გადმოკვეთილი არ ჰქონდა.
მხოლოდ დღის ბოლოს, შს მინისტრ გომელაურთან და სუს-ის უფროს ლილუაშვილთან ერთად, ბრიფინგზე გამოსულმა ღარიბაშვილმა ერს ჯერ ბიძინაობა მიულოცა, შემდეგ კი დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო.
მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს.
მოგვიანებით, მის წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქმე აღძრა. ასევე, დააპატიმრეს ყველა, ვინც მას ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. 20 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მან იმავე საღამოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღეს გაგრძელდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაახლოებით 2 კვირაში დაიწყო. თანმდევი დაავადებების ფონზე, მას ნელ-ნელა გაუჭირდა გადაადგილება.
მესამე პრეზიდენტის ექიმების, თანაპარტიელების, სხვა ოპოზიციონერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ჩქარობდა. ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებდნენ, რომ ის არ შიმშილობდა და “ფაფებით იკვებებოდა”. იუსტიციის სამინისტრომ რუსთავის ციხის სამედიცინო ნაწილში გადაღებული ვიდეოკადრებიც კი გამოაქვეყნა საკუთარი განცხადებების მტკიცებად.
საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის 39-ე დღეს, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა თავადვე გაავრცელა. კადრებში ჩანს, ბადრაგებისა და ესკორტის თანამშრომლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. მესამე პრეზიდენტი, მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებდნენ.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გლდანში კიდევ უფრო დამძიმდა. შიმშილობას თან დაერთო მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. სავარაუდოდ, ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან წახალისებული პატიმრები მუდმივად ე.წ. შუმოკის რეჟიმში იყვნენ.
მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა 18 ნოემბრის საღამოს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49-ე დღეს, ადვოკატების თანდასწრებით გონება დაკარგა.
ამის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანა. მიხეილ სააკაშვილი მისივე აშენებულ სამედიცინო დაწესებულებაში შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის გვიან ღამით გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა.
პარალელურად, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ ენმ-ის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები. პარლამენტის შენობაში 17 დღე იშიმშილა ელენე ხოშტარიამ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გადაყვანას და მისთვის სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას მოითხოვდნენ.
წლის მიწურულს, 30 დეკემბერს, სააკაშვილი ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით, არ უმჯობესდებოდა. მედიკოსები მუდმივად საუბრობდნენ და ახლაც საუბრობენ, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში პირადი ექიმების გარდა ჩართულია ცენტრი “ემპათია”. კონსილიუმი შექმნა სახალხო დამცველმაც, რომლის დასკვნაც 19 იანვარს გასაჯაროვდა.
მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს ისევ შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ მისივე სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება. რიგით მეორე შიმშილობა 20 დღე გაგრძელდა. 10 მარტს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების თხოვნით, მესამე პრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქციები იმართებოდა როგორც რუსთავის, ისე გლდანის დაწესებულებებთან, ასევე გორის ჰოსპიტალთან.
2023 წლის მაისში, მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.