არჩევნებს ვუყურებთ შესაძლებლობად, გამოხატონ ქართველებმა საკუთარი შეხედულება “ოცნების” გადაწყვეტილებებზე – სახ.დეპი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის შესაძლებლობაა, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ამასთან, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

”რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე”, – აცხადებს სახდეპის პრესსპიკერი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share