აფხაზეთის კონფლიქტი უკიდურესად რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალპლასტიანია. მის შინაარსზე და მოგვარების გზებზე საუბარი, ამ შემთხვევაში, ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს. უბრალოდ მინდა დავსვა მარტივი კითხვა: რატომ გააქტუალურდა ეს თემა ახლა და ასე უცნაურად და რატომ იწვევს ეს პროცესი ასეთ ღრმა ეჭვს ქართულ საზოგადოებაში.
პირველი და უმნიშვნელოვანესი რაღა თქმა უნდა კონტექსტია: რა დროს და რა გარემოში ხდება საკითხის წამოწევა. არადა, ეს ის მომენტია, როდესაც რუსეთი, საერთაშორისო ასპარეზზე და პირველ რიგში მისივე სამეზობლოში გავლენის რეაბილიტაციას აქტიურად ცდილობს. ამიტომ, რეგიონის ნებისმიერი მოვლენა თუ პროცესი, რომელიც დასავლელი პარტნიორების მიერ არ არის ინიციირებული, ან მხარდაჭერილი, ერთმნიშვნელოვნად კრემლის ინიციატივად და რუსული გეგმის ნაწილად უნდა განვიხილოთ.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სიახლეები, რომლებიც ამჟამად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება. მათ შორის ის ფაქტი, რომელსაც ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია ფორმულა ექსკლუზიურად აშუქებს და რომელიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს ახალი ტიპის და მასშტაბის გამანაწილებელი ცენტრის მშენებლობას უკავშირდება. მართალია კომპლექსის ზუსტი დანიშნულება ჯერაც გაურკვეველია, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ ის გაზრდილი ტვირთბრუნვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფაზეა გათვლილი.
ნათელია, რომ მკაცრი დასავლური სანქციების პირობებში, რუსეთს, შიდა ბაზრის მომარაგების ჯაჭვში სერიოზული პრობლემები აქვს. შედეგად – საქართველოზე გამავალი სატრანზიტო არხების მნიშვნელობა განუზომლად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლება მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს არა ჩვენთვის გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად პრიორიტეტულ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის განვითარებისთვის, არამედ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების სატრანსპორტო კვანძების გასაუმჯობესებლად, საქართველოს რესურსი ამ მიმართულებით კვლავაც შეზღუდულია და არ არის საკმარისი იმ უზარმაზარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც სანქციების პირობებში რუსეთისთვის გადმომისამართდა.
მეორეს მხრივ, საოკუპაციო საზღვარი ენგურზე ფაქტობრივად დაკეტილია, მიმოსვლა და ტვირთების გადატანა კი მინიმუმამდე დასული. არსებულ ვითარებასა და სხვა ფაქტორების გამორიცხვის შემთხვევაში, ენგურის მეორე მხარეს დიდი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. შესაბამისად, კითხვა – ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები ხომ არ უკავშირდება კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ფარულ შეთანხმებას, რომელიც დასანქცირებული რუსეთის მომარაგების არხების გაფართოებას ემსახურება ლეგიტიმური და ობიექტურია.
ამ ფონზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრის, ვახტანგ ყოლბაიას და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას ონლაინ შეხვედრაზე დიალოგის განახლების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები გვესმის. რისი პერსპექტივაც, ამ ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის, სრულიად ბუნდოვანია. ფაქტია, რომ არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობები და მითუმეტეს არც რუსეთი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ მკაცრი რეჟიმების შემსუბუქების მზაობას არ ამჟღავნებენ. პირიქით, ბოლო პერიოდში ამ პირობების გამკაცრებაც კი შეინიშნება. ამის მაგალითია სოხუმში უკანონო პატიმრობაში მყოფი ბებუასა და თაკალანძის საქმეები; გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპართეიდული დამოკიდებულება; შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა, სალოცავების აჭედვა და მუქარები.
ისიც ვიცით, რომ ბატონი ყოლბაია, ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური გეზიდან რადიკალური გადახვევებით არასდროს გამოირჩეოდა. მან აღნიშნა კიდეც ფორმულასთან ინტერვიუში, რომ “ხელისუფლების მიერ განსაზღვრული წითელი ხაზების ფარგლებში მოძრაობს”. შესაბამისად, არც შამბასთან ონლაინ საუბარი და არც შემდგომი განცხადებები, თუნდაც ქვედა დონის დიალოგის ინიციირების, რაღაც ტიპის დამოუკიდებელ მცდელობად არ უნდა განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნების რომელიღაცა კაბინეტში შეთანხმებული პროცესის ნაწილია. არც იმის შესახებ გვჭირდება თეორიების შეთხზვა და ვარაუდები, თუ როგორ იყენებს ოცნების ხელისუფლება მოსახლეობისთვის უკიდურესად ფაქიზ და მტკივნეულ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ თემებს სათავისოდ, მერკანტილური ვიწრო-პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის. ამის ბოლო მაგალითია წინა არჩევნების დროს განხორციელებული პიარ და პოლიტ-ტექნოლოგიური დივერსიული აქტი – “გარეჯი საქართველოა”. ამ თემის გააქტიურებას კონკრეტული ადამიანების დევნა, დაპატიმრება, ცემა, შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია მოყვა, რამაც ისედაც დაპირისპირებულ საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელოვნურად გააღრმავა, ვითარება კი უკიდურესად დაძაბა. გარეჯის პრობლემის მოგვარება კი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა, ნაცვლად იმისა, რომ მისი პოლიტიკურად და დიპლომატიურად გადაწყვეტისთვის ნიადაგი მოემზადებინა.
ამდენად, რადგან კარგად ვიცით ამ ხელისუფლების ბუნება და ხელწერა, იმის მოლოდინი, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის დადებით შედეგზე იქნება გათვლილი, რბილად რომ ვთქვათ საეჭვოა. მითუმეტეს იმ ფონზე რომ 2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი და რომელთან მიმართებაშიც მიუხედავად ოპოზიციურ ფლანგზე არსებული პრობლემებისა, ხელისუფლებას მაინც ცუდი მოლოდინები აქვს. შესაბამისად, ამომრჩევლის ხელახალი მობილიზებისთვის და ოპოზიციისა თუ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის განეიტრალებისთვის ოცნების ხელისუფლებას სასწრაფოდ ჭირდება შესაბამისი თემა. და რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა ადგილობრივ დონეზე სეპარატისტულ ხელისუფლებებთან მოლაპარაკებების დაწყების ილუზია.
ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებით დაინტერესებულია კრემლიც, შესაბამისად ამ საარჩევნო ამოცანის მიღწევაში მოსკოვიც ოცნების მოკავშირეა და ეს მოკავშირეობა ძალიან მარტივი სვლებითა და განცხადებებით შეიძლება გამოიხატოს. საქართველოს მხრიდან რეგიონში “ახალი რეალობის აღიარების”, ევროატლანტიკურ სივრცეში აქტიურ მისწრაფებებზე უარისა და ჟენევის ფორმატში ძალის გამოყენებაზე ვალდებულების აღების შემთხვევაში, სულაც არ არის გამორიცხული მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის დაპირება გასცეს და “კონფლიქტის მხარეებს” შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს დაუჭიროს მხარი. რაც, რაღა თქმა უნდა დიდი ხაფანგია, რომლის მსგავსშიც საქართველო, მისი უახლესი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გაბმულა.
და ბოლოს, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, არაერთი წინაპირობა არსებობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ სკეპტიციზმი და აუცილებელი სიფრთხილე გამოიჩინოს. რას ემსახურება ეს პროცესი და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს, მალევე გამოჩნდება. რადგან, რუსეთი კიდევ უფრო დააჩქარებს ნაბიჯებს საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ოცნების ხელისუფლება კი 2024 წლის არჩევნებისთვის “გარეჯი-საქართველოას” თემის ახალი, არანაკლებ მტკივნეული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხით დროულად ჩანაცვლებას და სპეკულირებას შეეცდება. ვინ ვინ და ოცნებისგან, სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, მავნებლური თამაშები არავისთვის იქნება გასაკვირი…