არასამთავრობოები რუსული კანონის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ

რუსული კანონის დაცვა, “ქართულ ოცნებას” ევროსასამართლოში მოუწევს. დაანონსებული რეპრესიების მოლოდინში მყოფი არასამთავრობოები სარჩელის სტრასბურგში გასაგზავნად ემზადებიან. გავლენიანი ორგანიზაციები ევროსასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

 

“როდესაც ჩავთვლით, რომ არის შესაბამისი დრო იმისთვის, რომ ეს საჩივარი გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გავაგზავნით” – ამბობს “პირველებთან” “საიას” აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ განვიხილავდით, როგორც ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმების გამოყენებას, ასევე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას. ეს საკითხი კვლავაც არის დღის წესერიგში. ჩვენ, როდესაც ჩავთვლით, რომ არის შესაბამისი დრო იმისთვის, რომ ეს საჩივარი გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გავაგზავნით. იძულებითი აღსრულება, ეს არის უკვე ის ეტაპი, როცა შესაძლებელი ხდება ორგანიზაციების ანგარიშების და ქონების დაყადაღება, რაც მათ შორის არ გამორიცხავს ოფისში მისვლას, ქონების აღწერას, დაყადაღებას და უკვე ეს ფაქტობრივად გამოიწვევს ორგანიზაციების შეფერხებას იმგვარად, რომ შეიძლება ამან საქმიანობა საერთოდ შეუძლებელი გახადოს”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა – სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დააკმაყოფილა.

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share