“ოცნება” ხმების სანაცვლოდ პროდუქტს არიგებს, ამომრჩევლებს ართმევენ პირადობებს – ISFED-მა სქემა გაშიფრა

ამომრჩევლის მოსყიდვა და შეცდომაში შეყვანა – “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომლებსაც ისინი ხმების მობილიზებისთვის ახორციელებენ.

საუბარია ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მათთვის გადაცემის მოთხოვნაზე, ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენასა და მოქალაქეების პროდუქტებით და საწვავის ტალონებით მოსყიდვაზე.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანასაც, თითქოს არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის მოქალაქე.

მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას (მაგალითად: ზუგდიდი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი). არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი არსებობს ზემოთ აღწერილი გარემოება;

საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ხელმძღვანელები ავალებენ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას (მაგალითად: თბილისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, გურჯაანი, ქარელი, საგარეჯო, ყვარელი, თელავი და დედოფლისწყარო);

თანამშრომლებისთვის მსგავსი დავალებების მიცემა, ასევე, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების ამ ფორმით მოპოვება, შენახვა, დამუშავება უკანონოა. „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო დავალებების მიცემისგან. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ შეასრულონ მიღებული უკანონო დავალება, რაც უშუალოდ არ გამომდინარეობს სამსახურეობრივი ფუნქციიდან;

მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. (მაგალითად: თბილისი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ბორჯომი, ხაშური). ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ამომრჩეველი თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს;

მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი (მაგალითად: ზუგდიდი, ადიგენი, ქარელი, გორი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და თელავი). საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია.

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც.

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კანონის სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით,” – წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share