რას ამბობდა ბერეზოვსკი ივანიშვილზე, როგორ დააგროვა ქონება რუსეთში და რისთვის მოვიდა ქართულ პოლიტიკაში – იტალიური მედიის სტატია|

“მარიონეტების ოსტატი – ყოფილი რუსი ოლიგარქი, რომელიც 10 წელია მანევრირებს  ქართულ პოლიტიკაში” – ამ სათაურით სტატიას იტალიური გამოცემა linkiesta აქვეყნებს. სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებაა საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ როგორ დააგროვა ქონება რუსეთში, რისთვის მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და რისთვის დაბრუნდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ გასულ წელს. სტატიაში მოყვანილია მოკლული რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის  რუსული ხელისუფლების მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდა და მისი ღირებულებების გამზიარებელი იყო.

ივანიშვილმა მოსკოვში დააგროვა ქონება, რითაც ის საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა, როდესაც ის დასავლეთისთვისაც ცნობადი გახდა,აქცენტი კეთდებოდა არა კრემლთან მის კავშირებზე, არამედ მის შემოქმედებით ხასიათსა და მეცენატობაზე. მაგრამ ბორის ბერეზოვსკიმ თავის დროზე მედიას უთხრა, რომ ივანიშვილი “არის ადამიანი, რომელიც ემორჩილება რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულ წესებს”  და რომ ივანიშვილს არასდროს შეხვედრია სირთულეები რუსეთის ფედერაციაში თავისი ბიზნესის განხორციელებისას. “რუსეთში შეუძლებელია იყო ბიზნესმენი, რომელსაც მთავრობა არ უშლის ხელს, თუ მისი ღირებულებების გამზიარებელი არ ხარ” – აცხადებდა ბერეზოვსკი.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც ივანიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე გახდა, მისი დაბრუნების 2 მიზეზი განიხილებოდა: პირველი – გამოიყენოს თავისი პოპულარობა და ამომრჩეველი დაარწმუნოს – მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”. მეორე მიზეზი კი საგარეო პოლიტიკას ეხება, კერძოდ, იმას, რომ ივანიშვილის დაბრუნება უკავშირდება მოსკოვის სურვილს, შეინარჩუნოს უფრო მკაცრი კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი მოახდინოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share