ეს არ არის პირველი მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები გასამართლდებიან.
ექსპრემიერმა ივანიშვილის მიერ “ტვ იმედისთვის” მიცემული ინტერვიუ შეაფასა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე “ფულის, მილიარდების გამო, ქვეყნის საგარეო ინტერესებით ვაჭრობდა”.
ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის, მილიარდების დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა. ჩვენ ამას ვხედავდით, რადგან რიგში დააყენა პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე და ბევრი სხვა, რომლებსაც თავისი ფულის დასაცავად ალაპარაკებდა. მაშინ, როცა არაფერი გამოუვიდა, გამოვიდა და წერილი მიუძღვნა შვეიცარიულ ბანკს, აშშ-ს და ა.შ.”, – განაცხადა გახარიამ.
“საქართველოსთვის” ლიდერს სიტყვა “ტვ იმედის” ჟურნალისტმა არაერთხელ გააწყვეტინა, რის საპასუხოდაც გახარიამ თქვა: “მეტი რომ ვერაფერი შეძლო, “იმედიდან” პროვოკატორი გამოგვიგზავნა”.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მიუქარას სისრულეში ვერ მოიყვანს:
„მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ. ამის შემდეგ, მოხდა ასეთი რამ: ეს არის გასაოცარი დემოკრატიის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა არ არის პირველი, მაგრამ პირველი რაც მოხდა ეს არის, რომ გამოვიდა და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით. რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს.
ამიტომ, მე აბსოლუტურად ღიად, მინდა თითოეულ ჩვენს წევრს მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ არანაირი მუქარის განმხორციელებელი არ არის, უბრალოდ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი, ემოციური კონტროლისგან გასული და გონივრულობის მიღმა ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომელზეც მე არც გავცემ პასუხს”, – განაცხადა გახარიამ.