“ვმუშაობ და საჭიროა”, “სასეირნოდ მივდივარ” – “ოცნებას” გურიიდან და აჭარიდან საჯარო მოხელეები თბილისში მოჰყავს

თბილისში დაანონსებული პარტიული ღონისძიებისთვის “ქართულმა ოცნებამ” გურიასა და აჭარაში ადმინისტრაციული რესურსი სრულად მოაბილიზა. საჯარო მოხელეები, სსიპების და აიპების თანამშრომლები სამსახურის ნაცვლად ახლა თბილსიში მოემართებიან. დაცარიელებულია ოზურგეთის გამგეობა, გუბერნია და საჯარო მოხელეების ოთახები. საჯარო მოხელეები ხელისუფლებამ დედაქალაქში ამჯერად მიკროავტობუსების გარდა, გამგეობის ბალანსზე არსებული ავტომობილებით გამოუშვა.

საჯარო მოხელეების უმრავლესობა დღეს “ტვ პირველის” კამერას ემალებოდა. ნაწილმა მათგანმა კი პირდაპირ თქვა, რომ საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული და ამიტომ პარტიულ ღონისძიებას უნდა დაესწრნონ.

ვმუშაობ და საჭიროა. მთავრობა დღეს ესაა და სჭირდებათ, რა ვიცი, – ამბობს საჯარო მოხელე. 

თბილისში ვცხოვრობ და სახლში მივდივარ, ღვინო მიმაქვს, – ამბობს მოქალაქე. 

ქალაქში მივდივარ ექიმთან, – ამბობს ადგილობრივი.  

იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ყურადღება მოგვაქციონ. არიან ვეტერანები, რომლებსაც საშუალება არ აქვს, ზოგი ჩაწოლილია და წამალიც არ ჰყოფნის. დახმარება არანაირია, ერთი ფინანსია 100 ლარი, – ამბობს მოქალაქე.  

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში აღმოჩდნენ ისეთი საჯარო მოხელეებიც, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” პროტესტი ღიად გამოუცხადეს. მაგალითად, საუბარია ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგებზე.

თბილისში წამოსაყვანად საჯარო მოხელეები მოაბილიზეს აჭარაშიც. წამომსვლელებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც არც კი იცოდა, რისთვის მოდიოდა დედაქალაქში.

ჩემი სურვილით მივდივარ, მთავარია მშვიდობა. გამწვანებაში ვმუშაობ, – ამბობს ადგილობრივი.

შემომთავაზეს, უფასოდ წაგიყვანთო და ორი წელია არ ვყოფილვარ, რაზე არ წავალ? აქციაა რამე? , – ამბობს მოქალაქე. 

სასეირნოდ მივდივარ თბილისში, პენსიონერი კაცი ვარ. აქციას არ უნდა დავესწრო, სასეირნოდ მივდივარ, – ამბობს ადგილობრივი.  

პედაგოგი ვარ, საგაკვეთილო პროცესი დღეს არ მაქვს, – ამბობს საჯარო მოხელე.  

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქში “ქართული ოცნება” პარტიულ ღონისძიებას მართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share