სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა აცხადებს, რომ მათი წევრების პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. მისიაში ამბობენ, რომ ოზურგეთში ორგანიზაცია “სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” უკანონო დაჯარიმება ამ მცდელობის ნაწილია.
2024 წლის 4 ნოემბერს, ორგანიზაციამ ოფისის აივანზე განათავსა ტრანსპარანტი წარწერით “რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”, რაც დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გაპროტესტებას ემსახურებოდა. 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს – 3000 ლარით დააჯარიმა, “არასათანადო რეკლამის განთავსების” გამო.
“სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” გურიაში მცხოვრები ადამიანების დახმარებასა და უფლებების დაცვას ემსახურება. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისას, მათ ათობით საარჩევნო დარღვევაც დააფიქსირეს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ უკანონო და უსამართლო მეთოდებით თავისუფალი აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის მიუხედავად, კოალიციის წევრი ყველა ორგანიზაცია ქართველი ხალხის არჩევანისა და უფლებების დაცვას განუხრელად გააგრძელებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.