ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არსებული სტუდენტური გრანტით 2024 წლის სექტემბრიდან კიდევ ორი სტუდენტი ისარგებლებს
სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი მარიამ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მთისპირელი ქეთევან მათითაიშვილი კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის ეკოლოგიის ფაკულტეტზე. ქეთიც და მარიამიც ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში უფროსკლასელთათვის განახლებადი ენერგიებისა და გარემოსდაცვის საკითხებზე ცნობერების ამაღლების ტრენინგ პროგრამის აქტიური მსმენელები იყვნენ, რომელიც ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 2022 წლიდან.
ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტის პირობების თანახმად, სოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის, ინჟინერიის და გარემოსდაცვით სპეციალობებზე გადაწყვეტენ, კომპანია სწავლის საფასურის 80% გადაუხდის. ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022 წელს დაამთავრა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრო ინჟინერის მესამე კურსის სტუდენტია.
ვულოცავთ, მარიამ და ქეთის და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გარემოსდამცველების რთულ, საინტერესო პროფესიაში და დღეს ასე საჭირო პროფესიაში.
მარიამ ბერიძე, სტუდენტი
სოფელი ჩხაკაურა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
- რამდენიმე წლის მანძილზე ვესწრებოდი ბახვი ჰესის ტრენინგს სკოლაში, დავინტერესდი ეკოლოგიით, მონაწილეობას ვიღებდი უამრავ ღონისძიებებსა და აქტივობებში, ოლიმპიადებსა და გარემოსდაცვით პროექტებში, ვსწავლობდი ყველაფერს რაც ბუნებას უკავშირდებოდა, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნებს. ჩვენი ქვეყნის ბუნება უნიკალურობით გამოირჩევა და დაინტერესებას იწვევს მსოფლიოს უამრავი წამყვანი ქვეყნების მოგზაურებში. ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მისი წინსვლისთვის ბუნებისა
და გარემოს დაცვა, გაფრთხილება და თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გააზრება. ვფიქრობ, ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტის პროგრამა სტიმულია და სერიოზული დახმარებია ჩვენთვის, ახალგაზრდისთვის, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს, გარემოსდაბინძურება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან აქტუალურია. საქართველოში კი, ძალიან დაბალია ჯერჯერობით ამ თემის ცნობადობა. არადა, ეს კონკრეტულ პროფესია საკმაოდ პრესტიჟული, პერსპექტიული და შესაბამისად, კარგად ანაზღაურებადია.
ქეთევან მათითაიშვილი
სოფელი მთისპირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ დღევანდელი გარემო, ადგილი სადაც ვცხოვრობთ, არასახარბიელოდ გამოიყურება. ჩემი გამოცდილებით, მოქალაქეები არ ზრუნავენ ბუნებაზე, არც დიდი და არც პატარა. ეს იმის ბრალია, რომ ცნობიერება გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ძალიან დაბალია ჩვენს საზოგადოებაში. მხოლოდ ერთჯერადი გარემოსდაცვითი პროექტები გვაქვს. იტყვიან, რომ მაგალითად, ქუჩაში არ უნდა დავყარყოთ ნაგავი, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი მეტრის მანძილზეც კი, ეზარებათ გავლა, რომ ნაგავი ურნაში მოათავსონ. ამიტომ, კარგი იქნება თუ ეს პროფესია მეტად მოთხოვნადი გახდება ახალგაზრდებში, უკეთ შეიმეცნებენ ცოცხალი ბუნების მდგრადი განვითარების მნიშვნელობას და ასევე, ბუნებაზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების სააფრთხეებს, რაც პირდაპირ ჩვენზე, ადამიანებზე ახდენს საშიშ გავლენას. ბახვი ჰესის ტრენინგებისა და სტუდენტური გრანტის პროექტი ახალგაზრდებს გვაძლევს საშუალებას ავიმაღლოთ ცნობიერება გარემოსდაცვის მიმართულებით. მე პირადად ბევრი რამ გავიგე ამ ტრენინგებიდან, ბევრი რამ ვისწავლე და სხვასაც გავუზიარე. ეს ბავშვებს გვაძლევს საშუალებას გაგვიჩნდეს სურვილი უკეთეს გარემოში ცხოვროვრების. ჩემი აზრით ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ. ეს კი, ჩვენს ქვეყანასაც გამოადგება და არა მხოლოდ ქვეყანას, პლანეტას გამოადგება გრძელვადიან პერსპექტივაში.