საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია.
“პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება – მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში
დღევანდელ სხდომაზე ცესკომ ასევე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები.