დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი) და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და .დ” ქვეპუნქტებით) ბრალდებით დაკავებული ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა სოლომონ ცეცხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესის მონაწილე მხარეები სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.
გამოძიება ბრალდებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენებას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილზე ედავება. კერძოდ, სავარაუდოდ, 2020 წლის 10 დეკემბერს სოლომონ ცეცხლაძემ შვილიშვილს სახეში ხელი გაარტყა. 2021 წლის იანვარში ღამის საათებში კი მუშტები ჩაარტყა თავის არეში და ყელში ხელები მოუჭირა. ასევე იანვრის თვეში ღამის საათებში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით კი ბრალი დაუსაბუთებელია. ამასთანავე ადვოკატმა დავით საფარიძემ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთ ეპიზოდს, დეკემბერში მომხდარ შემთხვევას, აღიარებს. ასევე აღნიშნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მას გულის სტენდირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და გუშინ შეუძლოდ გახდა. დაჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა. ადვოკატის განმარტებით არ არსებობს მიმალვის საფრთხე, სოლომონ ცეცხლაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი 6 აპრილს 14 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. 10 თებერვალს პოლიციამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 24 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა. 15 თებერვალს სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე დააკავეს. გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.