ხულოში, სოფელ საციხურში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.
საციხურის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 2006 წლიდან იყო.
“სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის განადგურების გამო.
მეჩეთი მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. იგი ჩვენთვის სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და განათლების კერაა.
ეს მძიმე დანაკარგი გულს გვტკენს, თუმცა გვწამს, რომ მეჩეთი მხოლოდ კედლებისგან არ შედგება. ის ცოცხლობს მორწმუნეთა გულებში, სადაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება სუფევს.
ვლოცულობთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა მოგვმადლოს ძალა და შესაძლებლობა, რათა სულ მალე აღვადგინოთ იგი და კვლავ განაგრძოს „ჯემაღ’ეთმა” ღვთიმსახურება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის და გვერდში დაუდგნენ ჩვენს ძმებსა და დებს, რათა სულ მალე ავაგოთ ახალი მეჩეთი”. – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და დიდაჭარაში, პაქსაძეებსა და ბეღლეთში გაანაწილეს.
2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. საციხურის მეჩეთს აქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. მეჩეთს გარს აკრავს ხის ღობე. საციხურის ხის მეჩეთს აქვს მიჰრაბი, მინბარი, გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია. საციხურის ხის მეჩეთი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
სწორედ ამიტომ 2006 წლის 7 ნოემბერს საციხურის მეჩეთს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა” – წერს აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია, საციხურის მეჩეთის შესახებ.