ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში არა შიშით, არამედ მენტალობით არის გამოწვეული, მისი პროპაგანდა კი ტყუილზეა აგებული, ისევე როგორც რუსული პროპაგანდა:
“ზოგი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს მისი ბოლო სუპერსამარცხვინო გამონათქვამების გამო აკრიტიკებს, ამბობს, რომ ასეთი რამეების თქმას შიში კარნახობს.
ეს შეცდომაა. მეტიც – ეს წარმოდგენა, უნებურად, ოცნების პოლიტიკის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს.
შიში ნორმალური ადამიანური რეაქციაა, ის არაა სამარცხვინო. მეტიც, როცა ველური მხეცის გვერდზე ცხოვრობ, ხელისუფლების მეთაურს სიფრთხილეც მართებს და ომის თავიდან აცილებაზეც უნდა იფიქროს. ის, რომ ხელისუფლების ქმედებები შიშით თუ სიფრთხილითაა ნაკარნახები, დღეს მისი პროპაგანდის ცენტრალური პუნქტია. როგორც პროპაგანდა, ის საკმაოდ ეფექტურია: თუ რიგითი ადამიანების უმრავლესობამ დაიჯერა, რომ ხელისუფლება ფრთხილობს და რაციონალურად ითვლის ქვეყნის ინტერესებს, ხოლო ოპონენტები ემოციებს არიან აყოლილები და აბსტრაქტული მორალური კატეგორიებით ოპერირებენ, ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ინფორმაციული ომი მოგებული აქვს.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს პროპაგანდა ტყუილზეა აგებული. ამ წუთში რუსეთს არა აქვს იმის თავი, რომ აქაც შემოიჭრას. ხოლო ომის დამთავრების შემდეგ რას იზამს, ამისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ღარიბაშვილი ახლა რას ამბობს და რას არა.
ღარიბაშვილის სიტყვები მომდინარეობს არა შიშიდან, არამედ მსოფლმხედველობიდან, მენტალობიდან – საბოლოო ჯამში, ცხადია, მისი პატრონის, ბიძინა ივანიშვილის ხედვიდან, მაგრამ პრემიერიც, როგორც ჩანს, მას სრულად იზიარებს.
ეს მსოფლმხედველობა არსებითად თანხვდება რუსულ ნარატივს. მისი ძირი ისაა, რომ ყველაფერს წყვეტს ძალა, ხოლო ადამიანის ღირსებაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე და მისთანებზე ლაპარაკი ან თვალთმაქცობაა, ან გულუბრყვილო, ცხოვრებას მოწყვეტილი იდეალისტების საქმეა.
დასავლეთის მიმართ პატივისცემა – რომელიც ბიძინას რაღაც დონეზე აქვს ან ჰქონდა – მხოლოდ იმას ემყარება, რომ დასავლეთი ძლიერია, ამიტომ მას ანგარიში უნდა გაუწიო. მაგრამ თუ მან საკმარისი ძალა არ გამოიჩინა, აღარ უნდა მიაქციო ყურადღება.
ბიძინა-ირაკლიმ უკრაინის ომი თავიდანვე ისე გაიგეს, როგორც პუტინს ესმოდა – და იგივე შეცდომა დაუშვეს. უკრაინა სუსტია და რუსეთის შეტევას ვერ გაუძლებს, დასავლეთი სანქციებს კი დააწესებს, მაგრამ ისინი არაფრის მაქნისია. ომის მეორე დღეს (25 თებერვალს) რომ ასე ჰგონებოდა, შეიძლება რაღაცნაირად გაიგო (თუმცა საქართელოს პრემიერისგან ამის თქმა მაინც დაუშვებელი იყო): დასავლეთშიც ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინა მალე დაეცემოდა, ხოლო სანქციები რუსეთს ვერ შეაჩერებდა. მაგრამ დღეს, როცა ომის დინამიკა რადიკალურად შეიცვალა, ისევ იმას რომ იმეორებ, რასაც 25 თებერვალს ამბობდი, ეს, აშკარა უღირსებობის გარდა, პოლიტიკური იდიოტიზმი და შენი ქვეყნის ინტერსების სრული გაუგებრობაა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად პუტინის აზროვნების ტალღაზე ხარ და ორგანულად არ შეგიძლია სხვა ტალღაზე გადართვა.
ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ ბოდიში განმეორებისთვის: ამ ხელისუფლების ძირეული პრობლემა ის კი არაა, რომ ის „პრორუსულია“, არამედ ის, რომ ის თავისი ღირებულებებით, მსოფლმხედველობით, მენტალობით რუსულია. ის რასაც ჩვენ „დასავლურ ღირებულებებს“ ვუწოდებთ, და რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სუვერენიტეტია, მისთვის უბრალოდ გაუგებარია.“– ამბობს გია ნოდია.