„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ – ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზნი – „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“ აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი დაფუძნების მიზნითა და მუშაობის ფორმატით, ძლიერ ინსტიტუტად შეფასდა.
იმისათვის, რომ სამყარო უფრო უკეთესი გახდეს, ხოლო სიკეთეები სამართლიანად გადანაწილდეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მდგრადი განვითარების 17 მიზანი შეიმუშავა. ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის თითოეული პროექტი, რომელიც სამშენებლო არეალის მახლობლად მდებარე სოფლებში განხორციელდა გაეროს კონკრეტულ მიზანს შეესაბამება. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით მრჩეველთა საბჭოს დაფუძნება პროექტის საწყის ეტაპზე, ექსპერტებმა საუკეთესო გადაწყვეტილებად შეაფასეს.
გიორგი აბრამიშვილი, ბახვი ჰესის დირექტორი.
ბატონო გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან ჯილდოს და გთხოვთ, მოგვიყვეთ პროექტზე, რომელიც გამარკვებული გახდა.
- როცა ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე და ამ პროცესში წვლილის შეტანაზე, მხოლოდ მდგრად განვითარებას აქვს მნიშვნელობა. ამ პრინციპით მართულ პროექტებს მოაქვთ რეალური შედეგი. ნებისმიერი პროექტის მართვაში კი, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა. სწორედ, ეს იყო ამოსავალი წერტილი 2021 წელს, როცა გადავწყვიტეთ, პროექტით დაინტერესებული ჯგუფებისთვის შეგვეთავაზებინა ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს შექმნა. ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ამ პროექტს განვახორციელებთ როგორც ქართული კანონმდებოლობის სრული დაცვით, ასევე საუკეთესო დასავლური პრაქტიკების გამოყენებით, რომელიც არსებობს როგორც მშენებლობაში, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების მართვისას. თუმცა, ვიდრე კონკრეტულად ამ დანაპირების აღსრულებაზე გადავიდოდით, საჭირო იყო იქამდე
მისვლა. იყო ბევრი კითხვა, შიში, მათ შორის არაადეკვატური შიშები და ვიტყოდი, რადიკალიზმიც. დღის წესრიგში იყო ნდობის მოპოვება, მაგრამ მანამდე, საჭირო იყო ერთმანეთის მოსმენა და რაც მთავარია ერთმანეთის გაგება. პირველივე დღიდან, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ შემდგარიყო დიალოგი ჩვენსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. დაინტერესებული მხარე ბევრი იყო, შესაბამისად გამოვყავით შიდა ჯგუფები – მედია, ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნეს წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობები. ვთხოვეთ თითოეულ ჯგუფს გამოეყო თითო – თითო წარმომადგენელი, რომელიც ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში იმუშავებდა ჩვენთან ერთად. გვქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი, პროცესის გამჭვირვალობა და მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა. საბჭომ მუშაობა 5 აგვისტოდან დაიწყო. წევრები დღემდე უანგაროდ მუშაობენ საბჭოს ფორმატში. ყველა საკითხი, ყველა გადაწყვეტილება რაც კი ამ წლების მანძილზე მიგვიღია, საბჭოსთან ერთად იყო დამუშავებული. საბჭოს წევრები არიან ე.წ. ელჩები ჩვენსა და მოსახლეობას შორის. მათ მოაქვთ ხალხის ხმა ჩვენამდე და ასევე, მათ გააქვთ ინფორმაცია მოსახლეობაში. ისინი სანდო, პატივსაცემი წევრები არიან საზოგადოების. მათი ინტერესი, თავიდან სკეპტიციზმიც კი, გასაგები იყო. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ნდობის მარცვალი გაჩენილიყო ჩვენსა და მათ შორის. სწორედ, ღიაობამ და ჩართულობამ მოიტანა შედეგი. უნდა ითქვას, რომ დღეს აღარ დგას საკითხი, ისინი და ჩვენ. დღეს ჩვენ უკვე ვართ ერთი გუნდი, რომელიც საერთო ძალისხმევით აშენებს პროექტს. დღეს თითოეული ადამიანი, რომელიც ჩართულია პროექტში, აღიარებს თავის წვლილს და ყველას სრულად გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული პროექტზე.
ბატონო გიორგი, საბჭომ შეასრულა უკვე ფუნქცია? რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი დღეს?
- მრჩეველთა საბჭოს ფორმატი, როგორც ვთქვი, 2021 წლის აგვისტოდან არსებობს და დროთა განმავლობაში იცვლება და ახალ-ახალ ფორმას იღებს. 2021-2022 წლებში ის უფრო მეტად იყო საკონსულტაციო ჯგუფი. რადგან პირველ წლებში ჩვენ ბევრ რამეზე ვთანხმდებოდით. მაგალითად, მშენებლობის სტრატეგიასა და ტაქტიკებზე, მშენებლობისას გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმებზე, რათა თავიდან აგვეცილებინა შესაძლო ზიანი და საფრთხეები, სოციალურ პროექტებზე, რომელსაც საბჭოს წევრების რეკომენდაციებითა და მოსახლეობაში ჩატარებული საჭიროებების კვლევებზე დაყრდნობით ვადგენდით. ასევე, იყო გაცნობითი და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობები. ვმოგზაურობდით კომპანიის პორტფელში არსებულ სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურზე და ცოცხალი მაგალითებით ვაჩვენებდით საბჭოს წევრებს, თუ როგორი უნდა იყოს კარგად და სწორად აგებული სადგური თუ ეფექტიანად მართული გარემოსდაცვითი აქტივობები და სოციალური პროექტები. 2023–2024 წლებში ბევრს ვმუშაობდით პროექტების განხორციელების მიმართულებით. ვაკეთებდით ე.წ. საინფორმაციო ტურებს სამშენებლო მოედანზე და ერთად ვაკვირდებოდით, თუ როგორ ასრულებდა კომპანია დანაპირებს, როგორ მიმდინარეობდა უშუალოდ მშენებლობა და როგორ ხორციელდებოდა გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, თუ სოციალური პროექტები. 2025 წელს ვართ იმ ეტაპზე, როცა პირნათლად შესრულებული დანაპირებით ვიწონებთ ერთმანეთთან თავს. გარკვეულწილად მოსავლის აღების პერიოდი გვაქვს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მადლიერი ვართ საბჭოსი, რადგან ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ ამ წლების მანძილზე. პირველ რიგში ის, რომ საკითხის სხვადასხვა პრიზმიდან, პოზიციიდან დანახვა საბოლოო ჯამში საუკეთესოდ აქცევს პროექტს. მოთმინებაც ვისწავლეთ, ანგარიშვალდებულებაც და ჩართულობის მნიშვნელობაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლეთ მოსმენა და როგორც კი, ეს ვისწავლეთ, მივხვდით და დავინახეთ, რომ ჩვენიც ესმით. ჩვენს მიერ ნათქვამი სიტყვაც იქნა გაგებული. მოკლედ,
ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო ამბის მონაწილეები გავხდით და ეს არის ნამდვილად ფანტასტიკური გამოცდილება. პროექტის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ჩვენ დიდი სიამაყით ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს და გადავუხდით მადლობას ერთმანეთს იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ დროის მანძილზე დავაგროვეთ.