აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებდა მასზე მრავალრიცხოვან აგრესორთან გამკლავებას. ამერიკა უკრაინას არა მხოლოდ შეიარაღებას და ფინანსებს აწვდიდა, ის ლიდერობდა უკრაინის მხარდამჭერ მსოფლიო კოალიციას როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ეკონომიკურ, საფინანსო და დიპლომატიურ ფრონტებზე. რაოდენობრივად (და რა თვისობრივად) ამერიკულზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ევროპული, G7-ის და სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერა. ამავე დროს, ვერანაირი შეიარაღება და ფული ვერ უშველიდა უკრაინას, რომ არა მისი გმირული შეიარაღებული ძალები, მტკიცე პოლიტიკური ხელმძღვანელობა და უდრეკი ხალხი.
განტოლების ამერიკული ნაწილი 2025 წლის 20 იანვარს შეიცვალა, როდესაც ოვალურ ოფისში ტრამპი შევიდა. ამის შემდეგ მომხდარ ამბებს დაფიქსირება, სიცრუისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა, და დასკვნების გამოტანა სჭირდება. როგორც ყველა შეფასებაში, აქაც ფაქტების დადგენით უნდა დავიწყოთ. ბმულებს კომენტარებში დავდებ.
2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის დროებითი ოკუპაციის შემდეგ, ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, ვინც უკრაინას ლეტალური შეიარაღება გადასცა (მიყიდა) – ძირითადად, ანტი-სატანკო რაკეტები „ჯაველინი“. სიმართლეა. კონტექსტი: ტრამპმა უკრაინას „ჯაველინები“ 2019 წელს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ცნობილი გახდა მასსა და ზელეს შორის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომლის დროსაც ტრამპი ზელეს ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებას სთხოვდა.
“2022 წლის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას $350 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება მიაწოდა”. სიცრუეა. სინამდვილეში, ამერიკული დახმარება $120 მილიარდს შეადგენს.
“ევროპამ უკრაინას $100 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია”. სიცრუეა. სინამდვილეში, ევროპამ უკრაინას $139 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება მიაწოდა.
“ამერიკამ უკრაინას ფული აჩუქა, ევროპამ კი ასესხა”. სიმართლე: (1) ამერიკული დახმარებიდან დაახლოებით $66 მილიარდი წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას ამერიკულ ეკონომიკაში: აშენდა ახალი ქარხნები, გაფართოვდა არსებული სიმძლავრეები, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გამოშვებული პროდუქციის ნაწილით შეივსო ამერიკული მარაგები; (2) უკრებისთვის მიწოდებული ჭურვების და რაკეტების დიდი ნაწილი უახლოვდებოდა შენახვის ვადის ზღვარს და ექვემდებარებოდა უტილიზაციას, რაშიც აშშ-ს მილიარდობით დოლარი უნდა დაეხარჯა; (3) უკრებისთვის მიწოდებული ტექნიკის დიდი ნაწილი მოძველებული, წინა თაობების მოდიფიკაციისაა, რამაც ამერიკელებს შესაძლებლობა მისცა ისინი ახალი მოდიფიკაციის ტექნიკით ჩაენაცვლებინა, (4) უკრების მიერ ამერიკული შეიარაღების ეფექტურმა გამოყენებამ (“პეტრიოტები”, „ჯაველინები“, „სტინგერები“, „ბრედლი“, დრონები, „ჰაიმარსები“, M777 და მრავალი სხვა) იმდენად გაზარდა ამერიკული შეიარაღების რეპუტაცია, რომ ბოლო 3 წლის განვალობაში ევროპულმა, არაბულმა და სხვა სახელმწიფოება ამერიკულ კომპანიებს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეუკვეთეს, რის შედეგადაც ამერიკული წილი შეიარაღების გლობალურ ბაზარზე 5 წლის წინანდელი 35%-დან 43%-მდე გაიზარდა(!); (5) ევროპული დახმარების ნაწილი გრანტი და ნაწილი შეღავათიანი 30-35 წლიანი დაბალპროცენტიანი სესხებია; (6) ევროპული სესხების ნაწილის გადახდა რუსეთს, და არა უკრაინას უწევს – უკრაინამ უკვე მიიღო პირველი ტრანშები რუსეთის გაყინულ აქტივებზე დარიცხული მოგებიდან; (7) რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყო უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადება – მათ დაადგინეს, რომ უკრები შეიარაღების სხვადასხვა ტიპს ევროპელებზე უფრო სწრაფად და იაფად ამზადებენ.
ტრამპმა ზელენსკი “საშუალოდ წარმატებულ კომიკოსად” და “დიქტატორად” მოიხსენია. ორივე სიცრუეა.
ტრამპმა უკრაინას შეუწყვიტა ბაიდენის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდება. სამწუხაროდ, სიმართლეა.
“ომი უკრაინამ დაიწყო”. გამაოგნებელი სიცრუეა.
ტრამპმა უკრაინას შეუწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. გამაოგნებელი სიმართლეა.
უკრაინა “არასაკმარისად მადლიერია” ამერიკის მიერ გაწეული დახმარებისთვის. სიცრუეა. ზელენსკიმ და უკრაინის სხვა ლიდერებმა სულ მცირე 60-ჯერ საჯაროდ, საქვეყნოდ გადაუხადეს მადლობა აშშ-ს თეთრ სახლში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ნატო-ში, გაეროში, ეუთო-ში, „რამშტაინის შეკრებებზე“, „მშვიდობის ფორმულის“ ორ მსოფლიო შეკრებაზე და სხვ.
ვენსმა კიევში ჩასული უცხოელი სტუმრების წაყვანას ბუჩაში, სადაც რუსებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს, „პროპაგანდისტული ტურები“ უწოდა. არ მინდა მჯეროდეს, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ეს მართლა თქვა, მაგრამ ასეა.
ტრამპმა უკრაინას შეუწყვიტა სატელიტურ ინფორმაციაზე წვდომა და გაუთიშა ევროპელების მიერ გადაცემულ F-16-ზე დაყანებული ანტი-სარადარო ჩამხშობების გამოყენება. დაუჯერებელია, მაგრამ, ორივე სიმართლეა.
აშშ-მა რუსეთთან, ირანთან და ჩრდ. კორეასთან ერთად გაეროს გენასამბლეის რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსულ აგრესიას და რუსეთს მოუწოდებს უკრაინის საერთაშორისოდ აღაირებული ტერიტორიიდან ჯარები დაუყოვნებლივ გაიყვანოს, წინააღმდეგ მისცა ხმა. სამწუხაროდ, სიმართლეა.
აშშ-მ მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის აგრესია მოხსენიებულია, როგორც „რუსეთ-უკრაინის ომი“. სიმართლეა.
ტრამპმა რუსეთი მშვიდობას თუ არ დათანხმდა, მას “ძლიერ საბანკო სანქციებს და ტარიფებს” დავუწესებო. სიმართლეა. რუსეთ-აშშ-ს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა იმდენად მცირეა, რომ ტარიფების მუქარა არასერიოზულია.
იმავე დღეს ტრამპმა თქვა, რომ “პუტინის ადგილზე ყველა იგივეს გააკეთებდა”, და გამოიყენებდა ამერიკის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტას, საჰაერო შეტევების გასაძლიერებლად. ესეც სიმართლეა.
ხვალ საუდის არაბეთში ამერიკელები და უკრები ხვდებიან ერთმანეთს. არავის აქვს იმის განცდა, რომ ეს მოკავშირეების შეხვედრა იქნება.
სამწუხაროდ, ესეც სიმართლეა.
P.S. გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ უკრების თანმიმდევრულმა სტრატეგიამ, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტრის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას, დაიწყო თავისი შედეგების მოტანა. პრაქტიკულად მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული შეტევითი ოპერაცია გაიყინა და მის ზოგიერთ, შეზღუდულ მონაკვეთებზე უკრებმა კონტრ-იერიშებით დაიწყეს ადრე დაკარგული პოზიციების დაბრუნება.
დიდენა უკრაინას!
თავისუფლება საქართველოს!