საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დირექტორი ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე “სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე”.
“სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე).
მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე – განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე “აბრაზებს” საკუთარი “სამართლიანობით”, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, “შერჩევითი სამართალია?”
თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს.
ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა.
ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას”. – წერს ქურდოვანიძე.
18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პროკურატურა ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ამაღლობელი, რომელიც სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაც ცნო.
ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ამაღლობელის ადვოკატმა ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.