ევროპარლამენტარი, მიჰაი კობისკო ამბობს, რომ “შეუძლიათ და უნდა გამოიყენონ დიპლომატიური ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე”.
როგორც ევროპარლამენტის წევრმა აღნიშნა, “ოცნებას” მანევრირებისთვის ადგილი ბევრი არ აქვს
“ვლადიმერ პუტინს აქვს გიჟური ოცნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ჩვენ უკვე სამი წელია ვხედავთ, რას აკეთებს ის უკრაინაში ამ სასტიკი აგრესიით და შეჭრით უკრაინის თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოზე და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მან საქართველო ხელში ჩაიგდოს. ეს ძალიან ზოგადი იდეაა და ჩვენ არ ვეუბნებით ქართველ ხალხს, რა გააკეთონ. ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების რეაქციას, პროტესტს. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ბევრი სივრცე, რომ მანევრირება მოახდინოს სადღაც ჩვენ შორის, რადგან ეს არის არჩევანის გაკეთება ძალიან შავსა და ძალიან თეთრს შორის. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა საბოლოოდ ან აირჩევს ევროპულ გზას, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის რაოდენობის, ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით.
მიმაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა დააკავშირონ ევროკავშირის მხარდაჭერა იმას, თუ როგორ ექცევა ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობა. იმას, თუ რა მასშტაბის სასამართლოს დამოუკიდებლობაა ქვეყანაში, როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. ასევე, პრესის თავისუფლება, რაც აბსოლუტურად ფუნდამენტურია. ჩვენ ვხედავთ “ქართული ოცნების” გარკვეულ ნაბიჯებს პრესის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი. ჩვენ არ ვართ სამხედრო ალიანსი. ჩვენ ვართ საკუთარი სურვილით გაერთიანებული წევრი ქვეყნების ალიანსი. ასე რომ, ჩვენ ვართ და შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მთავრობებზე განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენს საზოგადოებას, თქვენს ერს მოექცევიან დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ არ გვაქვს სხვა უფლებამოსილება, ვიდრე გამოვიყენოთ დიპლომატიური ზეწოლა, დიპლომატიური წნეხი, რათა დაარწმუნოთ მთავრობა, რომელი გზაა საუკეთესო თქვენი ქვეყნისთვის”, – თქვა მან IPN-ს ევროპულ ბიუროსთან საუბარში.