„თუ ივანიშვილს საფრანგეთში აქტივები აქვს, შესაძლოა გარკვეული ზომები იქნეს მიღებული“ – გალერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მაიკლ გალერმა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო უცხო აქტივებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ივანიშვილი ფლობს ქონებას საფრანგეთში — სადაც ის, გალერის ინფორმაციით, მოქალაქეობასაც ფლობს — არსებობს შესაძლებლობა, რომ საფრანგეთმა კონკრეტული ზომები გაატაროს მის მიმართ.

გალერმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ პოზიციას ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად: “ყოველ საღამოს, უკვე მრავალი დღის განმავლობაში, ადამიანები კვლავ გამოდიან ქუჩაში. ისინი აფრიალებენ როგორც საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე უკრაინის დროშებს — რაც მკაფიოდ აჩვენებს, სად დგანან ამ კონფლიქტში. მათ არ აქვთ მომავალი რუსეთთან და ეს აშკარად ეწინააღმდეგება ივანიშვილის მმართველობის მიმართულებას,” — აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მიუხედავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობისა ევროკავშირის დონეზე სანქციების საკითხში, არსებობს შესაძლებლობა, ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოების დონეზე შემუშავდეს კოორდინირებული პასუხი. მან აღნიშნა, რომ უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის კონგრესში, სადაც ორპარტიული ინიციატივები იკვეთება.

“მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს, თუნდაც ინდივიდუალური ქვეყნების მეშვეობით. ასევე უნდა ვიპოვოთ გზები, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა – განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა USAID-ი აღარ არის ხელმისაწვდომი. აუცილებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები,” – განაცხადა გალერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share