პარლამენტის მიერ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი პლატფორმა X-ზე ეხმაურება – კოლსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის, სწორედ ამიტომ ევროდეპუტატი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე” – წერს რიჰარდ კოლსი.
”საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს – თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.
ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან.
ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის არჩევნები, როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე”, – წერს კოლსი.