პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა – ადვოკატი

აღდგომა დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ ახალგაზრდები უსაფუძვლოდ, ძალის გამოყენებით დააკავა. მარიამ მაღრაძის თქმით, აქტივისტის მიმართ ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ქალი პოლიციამ თმით ითრია, ხოლო მეორე აქტივისტს ახრჩობდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი უკვე ტროტუარზე იდგნენ და გოგონებზე იყვნენ გადაფარებულები.

ყველა მათგანი დააკავეს იმის გამო, რომ გოგონებს ეფარებოდნენ, ვინაიდან დავინახეთ სამართალდამცველებმა როგორ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და ძალადობდნენ ქალებზე, გოგონებზე, თმით ათრევდნენ. მაგალითად, დავით გუნაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ იგი ქალს ეფარებოდა და მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ გოგონები იმყოფებოდნენ აქციაზე. რა დებულების საფუძველზე ხელმძღვანელობდნენ და რა დებულებაში ჯდებოდა მათი ძალადობრივი ქმედებები, ამას ეკითხებოდა და ამის გამო დააკავეს. 

ყველა მათგანი დააკავეს ტროტუარზე, თუმცა სამართალდარღვევის ოქმში მითითებული აქვთ, თითქოსდა ისინი ხელოვნურად კეტავდნენ გზას. დაკავებისას, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, ძალადობდნენ. მაგალითად, ლაშა დგებუაძე კინაღამ დაახრჩო პოლიციელმა, რომელიც საერთოდ არაიდენტიფიცირებადი პირი იყო, სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. ძველბიჭური მეთოდებით მოხდა მისი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ლაშამ ერაერთხელ უთხრა, რომ “ვერ ვსუნთქავ”, მაინც კინაღამ შემოეხრჩოთ. დაზიანებები აქვს ლაშას ყელზე. ასევე, მიხეილ სამხარაძეს აქვს დაზიანებები, – ამბობს ადვოკატი. 

აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია.

ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share