როგორ დასცინიან რუსები აფხაზებს – „გსურთ ნახოთ საბჭოთა კავშირი? ეწვიეთ აფხაზეთს, კარგი ბუნება და ველური ადგილობრივები“

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ტურისტული სეზონი გაიხსნა. რუსულ საიტებზე გამოჩნდა დიდი სარეკლამო სტატიები, როგორი ლამაზია ბუნება და როგორი გემრიელია ხაჭაპური აფხაზეთში. თუმცა პარალელურად იწერება, რომ თუ გსურთ საბჭოთა კავშირში წასვლა, უნდა ეწვიოთ აფხაზეთს,“რომ აქ სერვისი უხარისხოა, ყველგან ნანგრევებია, სიბინძურე, ყველა ცდილობს მოგატყუოს, დასვენება უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით ქალებისთვის და ღამით სიარული საშიშია. “უსიამოვნო სიურპრიზების” თავიდან ასაცილებლად ჩასვლის მსურველებს აფრთხილებენ, როგორ დაიცვან თავი ფულის გამოძალვისგან და “უხეში და„ველური”“აფხაზების ძალადობისგან. რუსი ტურისტების მიმართ აგრესიას აფხაზები არც მალავენ. ყველაზე მეტად აღიზიანებთ მათი სიშიშვლე. უკმაყოფილებაა იმის გამოც, რომ რუსულმა ბიზნესმა აფხაზური ტურიზმის აქტიური მონოპოლიზაცია დაიწყო – სასტუმროებში დაბალ ფასებს აწესებენ და ასეთი კონკურენციის გამო აფხაზების მცირე ბიზნესებს გაქრობა ემუქრება.

წელს აფხაზეთის ტურიზმის განვითარება კრემლმა იკისრა და თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა და ხელახლა დაიწყო ფუნქციონირება სოხუმის აეროპორტმა. გამოცხადდა, რომ 4 რუსული ავიაკომპანია შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. 3 მაისს მოსკოვიდან სოხუმში ჩაფრინდა პირველი თვითმფრინავი (მეორე რეისი, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდიდან 6 მაისს უნდა შესრულებულიყო, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა.) ელოდებიან რეისს კრასნოიარსკიდანაც. ტურიზმის ხელშეწყობისთვის სოჭიდან სოხუმის მიმართულებით ასევე დაინიშნა ელექტრომატარებელი დღეში 2 რეისით. რუსეთი დააფინანსებს და მალე დაიწყება სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციაც. რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ უშიშრად იმოგზაურონ აფხაზეთში, თუმცა­ იქვე გაფრთხილებაცაა, რომ ტურისტებმა უნდა დაიცვან ქცევის წესები, რადგან ეს კავკასიაა.

„სიურპრიზები“ რუსი ტურისტებისთვის

როგორც ბლოგერები წერენ, ტურისტი პირველ “სიურპრიზს” შეიძლება სასტუმროს დაჯავშნისას გადააწყდეს. მაგალითად, ომსკელები თაღლითების მსხვერპლნი გახდნენ, როცა აფხაზეთში სამგზავრო პაკეტებს ყიდულობდნენ. ერთ-ერთი მსხვერპლი 43 წლის მამაკაცია. მან აფხაზეთის სანაპიროზე მდებარე პანსიონატში ოჯახური შვებულება 117 ათას რუბლად (3.900 ლარი) დაჯავშნა, ერთი თვის შემდეგ კი ისევ ინტერნეტით გაიგო, რომ ეს პანსიონატი საერთოდ არ არსებობდა. მსგავს­ შემთხვევაზე წერს 46 წლის მასწავლებელიც,­ რომელმაც დასთან ერთად დაჯავშნა სასტუმრო და 72 ათასი რუბლი (2.400 ლარი) გადაურიცხა თაღლითებს.

ბლოგერების თქმით, პრობლემაა ძვირი­ მობილური კომუნიკაცია, ან როუმინგი უნდა ჩართო, რაც წუთში 40-100 რუბლი ჯდება, ან ადგილობრივი სიმ-ბარათი უნდა იყიდო, რასაც ფსოუს საზღვარზე გთავაზობენ აფხაზები, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება მოტყუვდე – აფხაზები სიმ-ბარათს 300 რუბლად მოგყიდიან, შემდეგ ინტერნეტისთვის დამატებით 1.000 რუბლის (34 ლარი) გადახდას მოგთხოვენ, თანაც, ზოგჯერ სიმ-ბარათის გააქტიურებისას შეიძლება ანგარიშზე უარყოფითი ბალანსიც გამოჩნდეს.

აფხაზეთში დიდი პრობლემაა ტურისტების ჩაცმულობა. შეიძლება გაგინონ ტატუებისა და მოკლე შორტის გამო. აფხაზი­ ახალგაზრდები ველურებივით იქცევიან,­ თუკი ტურისტი გოგო მოეწონებათ – თანმხლები მამაკაცის თანდასწრებითაც.

მთავარი გაფრთხილებაა, რომ აფხაზეთში მოქმედებს კანონი ტურისტების ქცევის შესახებ. ქუჩაში პლაჟის სამოსით გამოჩენისთვის ჯარიმა 6 ათას რუბლს (203 ლარი) შეადგენს. აფხაზეთში არ არის ღამის კლუბები ან კარაოკე. ღამით სიარული არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ნასვამ მდგომარეობაში. ვისაც ალკოჰოლის გარეშე დასვენება ვერ წარმოუდგენია, სასტუმროს ნომერში უნდა დალიოს.

რუსი ბლოგერები წერენ,­ რომ “თუკი თურქეთის სასტუმროების „ალლ ინცლუსივე“-ს ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მომსახურებას ელი, აფხაზეთი შეიძლება ნამდვილ გამოწვევად იქცეს, რადგან აქ დასასვენებელი ცენტრის ინფრასტრუქტურა ძველია, „ოთახები ისეა მოწყობილი, როგორც სსრკ-ში”. აფხაზეთიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ტურისტი წერს, თუ გსურთ საბჭოთა კავშირში წასვლა, მაშინ აფხაზეთი თქვენთვის შესაფერისი ადგილია. ბუნება ლამაზია, თუმცა ძალიან ბევრია დანგრეული სახლი თუ შენობა, რამაც შეიძლება მოუმზადებელი­ ტურისტი შოკში ჩააგდოს. აფხაზეთში მკვდარი შენობების მთელი რაიონებია და მიუხედავად იმისა, ომიდან 30 წელზე მეტია გასული, მათი რეაბილიტაცია თავში არავის მოსდის.

რუსები ჩივიან, რომ თაღლითობის რისკია ყველგან: სასტუმროში რეგისტრაცი­ისას, ბაზარში, კაფეებსა და რესტორნებში, ექსკურსიების შეძენისა და ტაქსის შეკვეთისას. ყველგან ცდილობენ მოგატყუონ და ფული გამოგძალონ. შეიძლება მოგთხოვონ სასტუმროს ნომერში გატეხილი თაროს საფასურის გადახდა, მაშინაც კი, თუ გატეხის შესახებ რეგისტრაციისას განაცხადეთ. ექსკურსიებზე შეიძლება შემოგთავა­ზონ ადგილობრივი პროდუქტების – ღვინის, ჭაჭის, ყველის, თაფლის დეგუსტაცია,­ გასინჯვისას ყველაფერი კარგია, შემდეგ შემოგთავაზებენ ყიდვას და ყიდულობ ყალბს, დაბალი ხარისხის დალუქულ ღვინოს თუ თაფლს.

ტურისტებს ძარცვავს მილიციელებიც არ ერიდებიან, გზებზე არიან ჩასაფრებული­ და სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით აჯარიმებენ მხოლოდ ტურისტებს. თავად აფხაზები საგზაო წესებს არ ცნობენ. გაპროტესტებასაც არა აქვს აზრი, „ჯარიმა იქვე უნდა გადაიხადო. როგორც რუსები წერენ, აფხაზებს ტურისტები არ უყვართ, მაგრამ უყვართ მათი ფული.

“რუსები ეპატრონებიან ყველაფერს”

რუსი ტურისტების უკმაყოფილების მიუხედავად, აფხაზეთში ტურისტების რიცხვი იზრდება. რუსი ტუროპერატორების ცნობით, გასულ წელთან შედარებით 40%-ითაა გაზრდილი ჯავშნების რაოდენობა და სექტემბრის ბოლომდე­ დიდ სასტუმროებში ადგილები გაყიდულია. ტურისტების დიდ ნაკადზე წერენ აფხაზებიც და იწერება უკმაყოფილო სტატიები თუ გამოხმაურებები.

აღდგენილი სოხუმის აეროპორტის ბილეთები მომდევნო თარიღებზე წარმოუდგენლად ძვირი ღირს, გაცილებით­ იაფია ადლერში ჩაფრენა და შემდეგ აფხაზეთის­ ქალაქებისკენ ავტომანქანით წასვლა. ოპოზი­ციური გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორი იზიდა ჭანია­ წერს, რომ რუსებმა აფხაზეთის მონოპოლიზაცია დაიწყეს. აფხაზეთის დიდ სასტუმროებში, რომელთა მფლობელები რუსები არიან, ფასები იმდენად დაბლა დასწიეს, რომ დროა აფხაზები სასტუმროებში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან ეს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე საკუთარ ბინებში საბინაო და კომუნალური მომსახურების გადახდა.

მისი თქმით, გამაოგნებელია, როდესაც ბიჭვინთაში ორადგილიან ნომერში ერთი ღამე 33 (2 ლარი) რუბლი ღირს. არის შედარებით „მაღალი“ ფასებიც, რომელიც რეალურისგან ძალიან შორსაა. მაგალითად,­ გუდაუთაში, Gგრანდ-ოტელ “ღუსსია”-ში ორადგილიანი ნომერი საუზმითა და ვახშმით 598 (21 ლარი) რუბლი ღირს, სოხუმის სასტუმრო “სულების ქვეყა­ნაში” სტანდარტული ორადგილიანი ნომრის მინიმალური ფასი იმავე საკვების­ კომპლექტით 600 (21 ლარი) რუბლია, ხოლო “ყველაფერი შედის” აპარტამენტებში­ 2,5 ათასსაც (85 ლარი) ვერ აღწევს. ცხადია, ამ გრანდიოზულ სასტუმროებში ყველა ნომერი შემოდგომამდე გაყიდულია…

აფხაზი ჟურნალისტის მტკიცებით, სწორედ ეს დაბალი ფასებია დამღუპველი მცირე აფხაზური ბიზნესებისთვის, რადგან მაისი დაიწყო, სასტუმროები გადაჭედილია, ტურისტები ჩამოვიდნენ, თუმცა აფხაზების მინისასტუმროები და კოტეჯები ცარიელია და არც სეზონის პიკისთვის მიუღიათ ჯერ ჯავშნები, რაც მიუთითებს, რომ მცირე ბიზნესები ასეთ არაპროპორციულ კონკურენციას ვერ გაუძლებს.

„ტურიზმის „ხელშეწყობა“აფხაზეთის სრული ანექსიის მხოლოდ ჟურნალია, კინო წინ არის“

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: – აფხაზეთში რუსი ტურისტების მატება მართლაც არის, აფხაზები ტურიზმით შემოსავალს იღებენ და კარგად არიან. აფხაზეთში სასტუმროები აქვთ რუსებსაც, უმეტესად დიდი და თან ბევრგან­ აფხაზებს არ აჭაჭანებენ, მათთვის შესვლა აკრძალულია. ეს რუსი ტურისტების დაცვის მიზნით კეთდება და რუს ტურისტიც კმაყოფილია. რაც უფრო გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, გაიზრდება რუსული სასტუმროების მოთხოვნაც, რადგან იქ დასვენება უსაფრთხოა. ტურისტების მატების გამო სულ მალე აუცილებლად წამოჭრიან საკითხს ახალი დიდი სასტუმროებისა და ყბადაღებული აპარტ-ოტელების მშენებლობის აუცილებლობაზე. იტყვიან, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა ძალიან დიდია, აფხაზური მცირე ბიზნესები ვეღარ უმკლავდებიან მომსახურებას და ახალი განთავსების ადგილებია საჭირო შესაბამისი სერვისებით. სწორედ გაზრდილი ტურიზმის ჩვენებით შემოვა აფხაზეთში რუსული ბიზნესი და განდევნის აფხაზურს, რომელიც მცირე ბიზნესია და განვითარების საშუალება არა აქვს.

რუსებმა აფხაზური ტურიზმის “ხელშეწყობა” თავისთვის დაიწყეს. აფხაზეთში რუსების რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ამას მოჰყვება რუსული ბიზნესების გაფართოება და რუსების სრული მონოპოლია როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკურ სივრცეში, რათა აფხაზებისგან არაფერი დარჩეს. ეს გრძელვადიანი პროგნოზია. ვფიქრობ, რუსებმა ამისკენ აიღეს გეზი, აფხაზეთში მყარად დამკვიდრება აქვთ განზრახული. ჯერ პოლიტიკური სივრცე აქვთ ასათვისებელი და სწორედ ამისთვის სჭირდებათ თაფლაკვერების პოლიტიკა – აეროპორტი, ელექტრომატარებელი, სხვადასხვა დახმარება, ბევრი ტურისტი და ა.შ. შემდეგ რუსეთი­ წამოიწყებს რუსული კანონების მიღების ოპერაციას, აპარტ-ოტელები იქნება თუ რუსული საინვესტიციო კანონი და თუკი აფხაზები გაჯიუტდებიან, თაფლაკვერების“წართმევას დაიწყებს. რაც უფრო ტკბილი იქნება აფხაზებისთვის რუსული თაფლაკვერი, მით უფრო რთული იქნება მისი დაკარგვა და მათრახზე გადასვლა. ამ სეზონს ისე ჩაამთავრებენ, რომ დახატავენ ტურიზმისა და ეკონომიკის დიდ ბუმს, შემდეგ შემოდგომაზე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართება­ და უკვე შემდეგ გადავლენ სერიოზულ თემებზე. ვნახოთ, რა პოზიციას დაიკავებენ აფხაზი ე.წ. პარლამენტარები. შემოდგომამდე არ ველოდები რუსულ კანონებზე საუბარს. ჯერ რუსეთს ამ ე.წ. არჩევნებში ჩარევა და საკუთარი ხალხის გაყვანა სჭირდება, რომ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში ჰყავდეს თავისი ინტერესების გამტარებელი გუნდი. გამორიცხული არ არის, წლების შემდეგ კრემლმა აფხაზებს ის მუხლიც გააუქმებინოს, რის მიხედვითაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მხოლოდ აფხაზი შეიძლება გახდეს. შესაძლოა რუსებს მიეცეთ უფლება გახდნენ ე.წ. მთავრობის წევრები და ე.წ. პარლამენტარები. სხვანაირად როგორ იქნება, ამდენ ფულს დებს რუსეთი აფხაზეთში, ამხელა დახმარებას უწევს აფხაზებს და არც ერთი რუსი არ იყოს აფხაზური პოლიტიკის მონაწილე?! რუსების თვისებაა ეს, მათ მოთმინებით შეუძლიათ გრძელვადიანი თამაში, ნაბიჯ-ნაბიჯ დასახული მიზნისკენ სვლა. ტურიზმის „ხელშეწყობა“აფხაზეთის სრული ანექსიის მხოლოდ დასაწყისია. როგორც იტყვიან, ეს ჯერ ჟურნალია, კინო წინ არის.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share