ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი.
„ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც.
ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას.
ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს.
ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ
მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ.
„მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს.
მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში.
ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე ძალიან აქტიურები და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, – მივიდეთ არჩევნებზე“, – აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.(R)