არმაზ ახვლედიანი – მარკო რუბიომ მის განცხადებაში სწორედ საქართველო იგულისხმა და მისი კომენტარი „ოცნებისთვის“ გაფრთხილებაა

ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არ არის შემთხვევითი, შეარჩიეს პოლიტიკოსი, რომელიც „ოცნებასა“ და ივანიშვილს ეზიზღება, რომელიც თანმიმდევრულად იბრძვის უკანონობის, კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ. ამას კი ივანიშვილი არ აპატიებდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ ინსტრუმენტს იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად.

„ეს სადამსჯელო ოპერაციაა ყველას დასანახად, რომ „ოცნება“ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. სხვა საქმეა, ახლა რა უნდა იყოს ტაქტიკა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ხალხი და ოპოზიცია, რომ ივანიშვილმა პუტინს არ ჩაგვაბაროს. დღეს ქვეყანაში ივანიშვილის წყალობით, აღვირახსნილი უკანონობაა. წარმოუდგენელია ადამიანის დაჭერა საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. ივანიშვილი ყველა ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ ინსტრუმენტს იყენებს მიზნების მისაღწევად. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ეიფორიაში ვართ და ძალიან ზედაპირულად ვუდგებით ამ საკითხს. ივანიშვილს აქვს კონკრეტული ამოცანები, რომლის გამო, ჯიბეში ჩადებულ კანონმდებლობას, კიდევ უფრო ჩაიჯიბავს. საკანონმდებლო აბსურდში ვართ, ე.წ. კომისიაც აბსურდულია, ამდენი წლის შემდეგ ამ საქმეების გამოძიება, როდესაც მათი საქმეებია გამოსაძიებელი უკვე და მათი დანაშაულების ხარისხი გაცილებით მძიმეა, ვიდრე წინა ხელისუფლების, წარმოუდგენელია. მათ საქმეებსაც, თავის დროზე დამოუკიდებელი პროკურატურა და კომისია გამოიძიებს. ეს დრო უნდა დავაყენოთ და ვინ ამისთვის თავგანწირვით იბრძვის, პირველ რიგში მათ მიუთითებენ ციხისკენ, ზურა ჯაფარიძის შემთხვევა სწორედ ესაა. ივანიშვილი უკადრებელს კადრულობს. მომავალ დღეებში, რუბიომ ან ტრამპმა რომ გააკეთონ მძიმე განცხადება „ოცნების“ მისამართით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ქვეყანაში თუ შიდა სიტუაცია არ იქნება მომწიფებული და მზა, არაფერი ერთბაშად არ შეიცვლება“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ კითხვაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაკეთებულ განცხადებაში, სწორედ საქართველო იგულისხმა.

„მარკო რუბიომ მის განცხადებაში სწორედ საქართველო იგულისხმა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით უმწვავესია, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რუბიოს ეს კომენტარი „ოცნებისთვის“ გაფრთხილებაა, რომ საქართველო ნორმალური განვითარების ნიშნულს დაუბრუნდეს, რუბიოს განცხადება კი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიგო. მან თქვა – „რუსულო ხელისუფლებავ, აპატიმრებთ იმ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს, რომლებიც რუსული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან, ჩვენთვის მნიშვნელოვან რეგიონში“, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი თავი გაყიდეს, როდესაც თქვეს, რომ აშშ-ს ჩვენთვის არ სცალიაო. ნატრობენ, რომ მათ ჩვენთვის ვერ მოიცალონ. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს საქართველოსთვის აღარ ეცალოს და ინტერესი აღარ ჰქონდეთ. მათ ინტერესს დღეს ერთადერთი ღერძი ასაზრდოებს – უწყვეტი პროტესტი და პოლიტპატიმრები. აშშ-ს ინტერესების საქართველოდან განდევნა – წყვდიადის დაყენებას ნიშნავს, ანუ კრემლის დასადგურებას. რუბიოს განცხადებას კი შესაბამისი ზომებიც მოჰყვება. პოლიციურმა რეჟიმმა ძირი გამოუთხარა ათწლეულობით ნაშენებ, ნალოლიავებ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, არმაზ ახვლედიანმა 26 მაისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინები იქმნება.

„ცრუ მოლოდინებს ვქმნით, 31 მარტთან დაკავშირებითაც ასეთი მოლოდინები იყო, ზურაბიშვილის მხრიდან. მე მეჩვენება, რომ ოპოზიცია და მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ისეთ მიზნებსა და გეგმებს დაისახავენ, ვაი მრჩევლების გამო, რომ შემდეგ თავად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში. 26 მაისს თავი დავანებოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკიდურესად დასუსტებულმა ოპოზიციამ პრინციპულ საკითხებზე მაინც შეძლონ გაერთიანება. სალომე ზურაბიშვილი და მის გარეშემო ოპოზიციური სპექტრი დასავლეთთან და მოქალაქეებთან მტკიცე პოზიციებით უნდა იყვნენ. რეჟიმი როგორ უნდა ჩამოიშალოს თუ არარეალურ ამოცანებს დავისახავთ? გეგმის ნაწილი უნდა იყოს დასავლეთიდან ზეწოლის ზრდის მოთხოვნა, რომ პოლიციური რეჟიმი იძულებული გახდეს ნორმალურ გარემოში არჩევნები დანიშნოს. მოთხოვნათა სათავეში კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს. მარტო ბრიუსელში არ წყდება საკითხები, ოთხივე პარტიის წევრები ჩავიდნენ ვაშინგტონში და ახალ ადმინისტრაციას დაელაპარაკონ. 26 მაისი არ მიმაჩნია იმ თარიღად, რომ რაიმე უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share