გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე.
XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველი იყო აკეთში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ დიმიტრი ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები , გურიის სახალხო ბიბლიოთეკა (1893), ასევე ბახვი (1893), ნაგომარი (1895), სუფსა (1896), ფარცხმა (1898), მამათი და დვაბზუ (1899), ჩიბათი და ლანჩხუთი (1900), ჩოხატაური (1901), მიქელგაბრიელი (1902), ხიდისთავი (1903), ქვიანი (1918), ჯუმათი და ციხისფერდი (1912), შემოქმედი, ამაღლება, შუხუთი, აცანა და ლესა (1914), ჭყონაგორა (1917).
1900 წლების სოციალური მოძრაობის დროს, მეფის რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო, გურიაში სამკითხველოების დახურვა იყო – გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო. მთავრობის ამ ზომამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო – გლეხები ქოხებში გადავიდნენ და ფიჩხის ალზე კითხულობდნენ.
„ამ ექვსი დღის განმავლობაში მხოლოდ დღეს ვეღირსეთ, როგორც იყო გაზეთების მიღებას, მოვიდა თუ არა ფოსტა, მაშინვე მშიერი მგლებივით დაეწაფა დიდი და პატარა გაზეთებს. ყველას განურჩევლად სქესისა და წოდებისა, განათლებულობისა და გაუნათლებლობისა ერთობ აინტერესებს ახალი ამბები და საქვეყნო მოძრაობა
– ახალი გაზეთი გაქ ბატონო? -გვეკითხება სოფლიდან ჩამოსული დედაკაცი, რომელსაც ცალ ხელში კალათით კვერცხი ან ყველი უჭირავს გასაყიდი
– დღეს არ მიგვიღია, გუშინდელი არის თუ გინდათ
– გუშინდელი წაკითხული მაქვს, მე დღევანდელი მაინტერესებს, – წყენით ამბობს კითხვის მოყვარული და გულდაწყვეტილი მიდის.
აი, როგორ დაინტერესებული არიან გურიის სოფლებში გაზეთის კითხვით“.
ცნობის ფურცელი 1905