„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია“ – რას ამბობს დემოგრაფი უარყოფით ბუნებრივ მატებაზე

„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია, ამას ორი თაობა მაინც სჭირდება“, – ამის შესახებ დემოგრაფმა გიორგი მელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ის, რაც დემოგრაფიულ სისტემაში გლობალურად ხდება, აუცილებლად მოხდება საქართველოშიც. აქ ამ პრობლემას ერთი მიზეზი ემატება – აქ შობადობის კლება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 90-იანი წლები, როდესაც მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა და დღეს ზუსტად ის თაობაა რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიბადნენ“.

მისი თქმით, მკვეთრად არის შემცირებული რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების რაოდენობაც და აღნიშნა, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი 823 ათასი გახლდათ.

„1994 წელს საქართველოში 15-დან 49 წლის ჩათვლით რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა იყო 1.234 მლნ, მაშინ,როდესაც 2024 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 823 ათასია. ამ თაობას რესურსი არ გააჩნია და ამიტომაც მცირდება შობადობა.

ზოგადად, შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია, ამას ორი თაობა მაინც სჭირდება. ამასთან, შობადობის ზრდა წარმოუდგენელია ტრადიციული კულტურის გარეშე. თანამედროვე სამყაროში კი მიმდინარეობს დაპირისპირება ახალ და ტრადიციულ კულტურას შორის. საქართველოში შობადობა რომ გაიზარდოს, ზოგადმა კოეფიციენტმა 30-32 პრომილემდე უნდა მოიმატოს, დღეს ეს მაჩვენებელი 10-11 პრომილეა“, – განაცხადა მელაძემ გადაცემაში „საქმე“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ დაბადებულთა რაოდენობა 1994 წლიდან მოყოლებული ასეთი დაბალი არ ყოფილა და 40 ათასიან ნიშნულსაც პირველად ჩამოსცდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share