კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა
ია თავდიშვილი – ციფრული პროფესიების ცენტრის დამფუძნებელი:
იცნობთ გურიის „ენერგოელჩებს“? – ჩვენ გავიცანით და განსაკუთრებულად დაგვამახსოვრეს თავი, განათლებული, გონიერი, გარემოსა და სამშობლოს დამცველი თაობა შემოქმედის თემიდან, სადაც „პარვუს ჯგუფის“ სოციალური პროექტის ფარგლებში მეორე წელია სასწავლო საგანმანათლებლო საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. მოსწავლეები ესწრებოდნენ ტრენინგებს თემაზე „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებაა. პირველი ეტაპზე, გასულ წელს პროექტის პირველი ნაწილის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ აირჩიეს, წლევანდელი სასწავლო წელი კი შემოქმედის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებით ენერგიულად და შთამბეჭდავად დასრულდა, პედაგოგების, ხელმძღვანელის და „პარვუს ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით, ორწლიანი აქტივობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემოქმედის სკოლა უკვე მესამედ მასპინძლობს მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელიც წელს ენერგეტიკის ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა.
„ენერგია – უხილავი და ხილული მეცნიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.“ – იდეა სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო სადრაძეს ეკუთვნის, რომელიც გვიზიარებს როგორ გაჩნდა იდეა და რა დატვირთვა აქვს კონფერენციას.
ნინო სადრაძე, შემოქმედის სკოლის დირექტორი
„ჩვენი სკოლის გუნდმა კონფერენციების ორგანიზებისა და ჩატარების დადებითი გამოცდილება დააგროვა. ზედიზედ მესამე წელია სასწავლო წლის ბოლოს ვაჯამებთ სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციით, რომლისთვისაც თემებს საგანგებოდ ვარჩევთ. საკონფერენციო თემა უნდა უკავშირდებოდეს სკოლის მისიასა და მიზნებს, მოსწავლეთა ინტერესებსა და თემის საჭიროებებს. წელს არჩევანი მდგრადი განვითარების მიზნებზე შევაჩერეთ, კერძოდ ენერგიაზე. არჩევას ხელი შეუწყო შპს „პარვუს ჯგუფმა“, რომელიც სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ბჟუჟზე აშენებს მცირე ჰესებს და სხვა პროექტებთან ერთად მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს. მათი მხარდაჭრით სკოლის მოსწავლეებს, საკვირაო სკოლის ფორმატში, რეგულარულად უტარდებოდათ ტრენინგები, შეხვედრები, ექსკურსიები.
კონფერენციისთვის მზადება 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. პირველ ყოვლისა კონფერენციის დებულებას ვაცნობთ საგნობრივ კათედრებსა და მოსწავლეებს. მოსწავლეები ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან საგნობრივ გუნდებში. გუნდებს მენტორობას უწევენ საგნის მასწავლებლები. საკონფერენციო თემებიდან გამომდინარე იგეგმება და ეწყობა თემატური ექსკურსიები, ტარდება მცირე კვლევები, იწერება ინტერვიუები. მოსწავლეები მოიპოვებენ, ეცნობიან, ახარისხებენ და ამუშავებენ საჭირო მასალას საკონფერენციო თემებისთვის. ამზადებენ პრეზენტაციებს და წარუდგენენ ფართო აუდიტორიას.
ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვააა, რაში ეხმარება იგი მოსწავლეებს? პასუხი მარტივია, აღნიშნულ აქტივობებში ჩართულობით მოსწავლეებს:
- უმაღლდებათ თვითშეფასება;
- ხდებიან უფრო თავდაჯერებულები;
- ეჩვევიან გუნდურ მუშაობას;
- ამყარებენ სოციალური ურთიერთობები სხვებთან;
- უჩნდებათ სკოლის მიმართ მიკუთვნებულობის გრძნობა;
- მოსწავლეებისთვის სკოლა უფრო საინტერესო ხდება;
- უმჯობესდება მოსწავლეთა უნარ-ჩვევები;
- მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია და აკადემიური მოსწრება.“
კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი რესურსცენტრის, პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები, მშობლები და თემის სხვა სკოლების პედაგოგები, ასევე სტუმრები მეგობარი კომპანიებიდან, „ბახვი ჰესის“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას რეგიონში, სადაც ორი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ენერგოპროექტი ხორციელდება ამ დროისთვის. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა კი არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და მის ნათელ მაგალითზე ისაუბრეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონფერენციაში მოსწავლეთა ხალისიანი ჩართულობა იყო, რაც დადებით და გამყოლ ენერგიად გადაედო მთელ დარბაზს.
„წელს უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში. არაფორმალურ აქტივობაში ჩართვის განსაკუთრებული ინტერესი საკონფერენციო თემამ გამოიწვია, რადგან ვესწრებოდი სემინარებს, რომლებსაც „პარვუს ჯგუფი“ ატარებდა ჩვენს სკოლაში. შეხვედრებზე მაღალპროფესიონალ ტრენერებთან ერთად, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით განვიხილავდით და ვმსჯელობდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ეკოლოგია და სხვა. ჩემი საკონფერენციო თემა ეხება ენერგიის დაზოგვასა და მომჭირნე ხარჯვას. თემაზე მუშაობის პროცესში თემში ჩავატარე მინი კვლევა, რაც საინტერესო იყო ჩემთვის. კონფერენციამ განმივითარა კვლევის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის უნარი, ჩამომიყალიბდა პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა; ამიმაღლდა უკვე არსებული ციფრული და ტექნიკური შესაძლებლობები.“ გვიზიარებს ემოციებს კონფერენციის მონაწილე, მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გორგაძე.
ენერგო ელჩებმა წლევანდელ კონფერენციაზე კვალიფიციურად დაგვარწმუნეს, რა როლი აქვს განახლებად ენერგიებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხო, ეკოლოგიური მომავლის შექმნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვპირდნენ, რომ მომავალში თავად იქნებიან ჩართული ენერგეტიკული პროექტების მართვასა და განხორციელებაში.
ფოტოების ავტორი ია თავდიშვილი