ეუთო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს – კიდევ რა წერია რეზოლუციაში და რას ამბობენ ოცნებაში

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ამ  მოწოდებას  დარბაზში “ოცნების” წევრები ისმენდნენ.  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პირდაპირ  ეუბნება “ოცნებას”, რომ მათ ქვეყანაში  ჰყავთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები,  მკაცრად არის გაკრიტიკებული კანონები, რომლებიც მიიღეს და ბოლოს,  აუცილებელია ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

“ეს არის ჩარევა  საქართველოს შიდა საქმეებში, მათ შორის ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში” – თქვა “ქართული ოცნების” წევრმა,  მაია ბითაძემ  პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

”ასეთი განცხადებები რადიკალური ოპოზიციის, ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ძალების რიტორიკას იმეორებს და ეუთო-ს სასიცოცხლო როლის პოლიტიზების რისკს ქმნის. ჩვენ მოვითხოვთ პატივი ვცეთ ეუთო/ოდირის დასკვნებს და თავი შევიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვისგან.

ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ საქართველოს მიმართ კრიტიკა ჟღერდეს, იმ სტანდარტების გამოყენებით, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტის, ინსტიტუტების, დასაცავად. ის, რასაც ბრიტანეთში, კანადაში ან შვედეთში დანაშაულს უწოდებენ, არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკურ დევნად იქნას რებრენდირებული. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის სუფთა ცინიზმი. გარე მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და დემოკრატიას რეგიონში,” – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრაქტიკულად სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ადგილი აქვს ფაქტების დამხინჯებას და ის, რაზეც რეზოლუციაშია  საუბარი  სრული აბსურდია.

„თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights