გურიის მოამბე

„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას გეგმავს

„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი.

თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე ათავსებს. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მაგალითად: არ აქვთ ვადაგადაცილებები, დოკუმენტაციას სრულად და დროულად წარადგენენ, გრაფიკის მიხედვით აბარებენ წინასწარ გაწერილ ეტაპებს, სამუშაოებს მაღალი ხარისხით ასრულებენ და ასე შემდეგ.

თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს.

შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს ასევე „შავ სიას“ და „გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას“. „შავ სიაში“ ხვდებიან მიმწოდებლები, რომლებმაც დისკვალიფიკაცია მიიღეს, ხოლო გაფრთხილებულებში – ის კომპანიები, რომლებმაც ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს, მაგრამ აქვთ შანსი გამოასწორონ ხარვეზები და შავ სიაში მოხვედრას გადაურჩნენ.

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ხარისხი და არ ჩავიბარებთ არცერთ უხარისხო პროექტს. მინდა ეს გაითვალისწინოს ბიზნესმა. ჩვენ კი, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კომპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას, ზრდას და ამისთვის ყველა შესაბამის ნაბიჯს გადავდგამთ,” – აცხადებს „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი.

არამხოლოდ ხარისხი, ვადების გადაცილება და წლობით გაწელილი დაუმთავრებელი პროექტები მთავარი გამოწვევებია შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, თუმცა შემსრულებელი კომპანიები მაინც ახერხებენ გარკვეული შეღავათების მიღებას. მაგალითად, იღებენ თანხმობას პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების მაქსიმალურად გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა სამუშაოებს მაინც ვერ ასრულებენ სატენდერო პირობების შესაბამისად.

არის შემთხვევები, როცა ერთ წელში დასასრულებელი საქმეები წლების განმავლობაში ვერ დასრულდა და საბოლოოდ შემსყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტა მაინც მოუწია იმის გამო, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული; ასევე, არის შემთხვევები, როცა შემსყიდველს შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადება იგივე თანხით მოუწია და ასე შემდეგ.

ხშირად არაეფექტურად მუშაობს პირგასამტეხლოს დაკისრების პრაქტიკაც, რადგან შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ ატვირთულ დოკუმენტებში ხშირად შეხვდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაკისრებულია პირგასამტეხლო, თუმცა გადახდის დოკუმენტი მიმწოდებელს არ წარუდგენია შემსყიდველისთვის და უწყება იძულებულია დამატებით სასამართლოს მიმართოს ამ თანხის ამოსაღებად. სასამართლო ხშირად ამ ჯარიმებს ანახევრებს კიდეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights