საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 12%-ით შემცირდა და 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზის მიხედვით, კლება განპირობებულია რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების შემცირებით, მაშინ როდესაც სააქციო კაპიტალი 21.2%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, 2025 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო (327.2 მლნ აშშ დოლარი, -2.8% წ/წ), უძრავი ქონება (66.4 მლნ აშშ დოლარი, +2.3% წ/წ), ენერგეტიკა (54.4 მლნ აშშ დოლარი, +194.6% წ/წ), ტრანსპორტი (41.8 მლნ აშშ დოლარი, +73.7% წ/წ) და დამამუშავებელი მრეწველობა (41.6 მლნ აშშ დოლარი, -34.9% წ/წ).
მეორე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (242.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (54.0 მლნ აშშ დოლარი), ჩეხეთი (38.3 მლნ აშშ დოლარი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები (37.1 მლნ აშშ დოლარი).
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 763.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა (-15.5% წ/წ), რაც მშპ-ის 4.5%-ია.