ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ზურაბ და ზებურ დუმბაძეები, პარტნიორებთან ერთად, 22 ბიზნეს სუბიექტის საქმიანობაში მონაწილეობენ, ფლობენ წილებს კომპანიებში და ხელმძღვანელობენ მათ.

დუმბაძეებს 5 სამშენებლო კომპანია აქვთ. ამ სამშენებლო კომპანიებს 6 სამშენებლო ნებართვა აქვთ აღებული, რის საფუძველზეც დუმბაძეები ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ, რომელთა ჯამური ფართი 75,456 კვადრატული მეტრია.

ზებურ და ზურაბ დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს 965,000 ათასი ლარი, მათ შორის 230,000 ლარი – 2024 წელს.

„გამჭვირვალობა“ აქვეყნებს ამ კომპანიების ჩამონათვალსაც:

წყარო: transparency.ge

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ზურაბ დუმბაძესა და მის კიდევ ერთ პარტნიორს, მუხრან ბაგრატიონს ეკუთვნის კომპანია „აჭარა აგროჯგუფი“, რომელმაც ელექტრონული აუქციონის გზით 2022 წლის 3 მაისს, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 223,287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარით მიიღო.

„მეიჯარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრია“, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 40 თეთრი უნდა გადაუხადოს (ჯამში იჯარის წლიური ღირებულება 90,443 ლარია).

აჭარის მთავრობამ მიწის იგივე ნაკვეთი რამდენიმე თვით ადრე აუქციონზე გაყიდა 415,143 ლარად, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასაცემად მეორე აუქციონი გამოაცხადეს და გამარჯვებულ კომპანიას თითქმის მეხუთედ ფასად გადასცეს იგი.

„აჭარა აგროჯგუფს“, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 1 წლის ვადაში ტერიტორიაზე 500,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, „აჭარა აგროჯგუფმა” ლურჯი მოცვის პლანტაციების გასაშენებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოდან 156,000 ლარის დაფინანსება, იაფი აგრო კრედიტის პროგრამიდან, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა, ქობულეთის მერიიდან კი – წყლის რესურსების გამოყენების ნებართვა მიიღო“ – წერს „გამჭვრივალობა“.

წყარო: transparency.ge

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დუმბაძეების მსგავსად, „აჭარა აგროჯგუფში“ მისი პარტნიორი, მუხრან ბაგრატიონი შვილებთან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებთან ერთად, „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველები არიან: სამივემ ჯამში მმართველ პარტიას 2020-2024 წლებში 870,000 ლარი შეწირა, მათ შორის, 180,000 ლარი – 2024 წელს.

_______________

მთავარი ფოტო: წყარო: transparency.ge

batumelebi.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share