დღეს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.
ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა, რომ როცა ის პროგიმნაზიაში სწავლობდა, მას ნათესავმა მთელს გურიაში განთქმულმა იოსებ თაყაიშვილმა დაუძახა: „ჩემთან გიორგი წერეთელი იქნება და მოდიო“. წერეთლის გარდა იქ იმყოფებოდა ექვთიმეს თანასოფლელი, ლიხაურელი კაკაბაი ლომჯარია, რომელიც მოსწრებული ენის პატრონი იყო, თამამი, უშიშარი და გლეხების მექომაგე.
სადილზე მხიარულობა გვქონდაო, აგრძელებს თაყაიშვილი. ,,ტოლუმბაშად თვით იოსებ თაყაიშვილი იყო. მან სხვების სადღეგრძელო რომ მოათავა, ჩემი სადღეგრძელო დალია და ასეთი სურვილი გამოთქვა: „მე მინდა, საქართველოს თავისუფლებას მოესწრო და ისეთი კაცი გამოხვიდე, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდეო“. კაკაბაი ლომჯარია შეედავა იოსებს: „მე მაგის თანახმა არა ვარ“. ყველამ გაკვირვებით შეხედეს და ჰკითხეს: – „რატომ?“ – „რატომ და კოჭლი კაცი რომ პრეზიდენტად აირჩიონ, არ გვეტყვიან, ფეხმართალი კაცი ვერ იშოვნეთო?“ – „ეჰ, ეგ როგორ იქნებაო,– დაუწყეს ლაპარაკი კაკაბაის, – პრეზიდენტს თავი უნდა ჰქონდეს კარგი და არა ფეხიო“. კაკაბაიმ სიცილით მითხრა: – „არ გეწყინოს, ხუმრობით ვთქვიო“. მე ვუთხარი: „როგორ მეწყინება, რაკი კარგად ვიცი, რომ საქართველო ასე ადვილად ვერ განთავისუფლდება და მისი პრეზიდენტიც ვერასოდეს ვერ გავხდები, რადგან ასეთი დიდი წარმოდგენა არა მაქვს ჩემს თავზე-მეთქი“. მომვარდა გიორგი წერეთელი: „ყმაწვილო! ეგ რა თქვი, ყველა მოსწავლე უნდა განდიდებას მოელოდეს და თავს ამზადებდეს მომავალი საქართველოს თავისუფლებისათვის!“ – მერე ხმამაღლა თქვა: „მე მოვესწრები საქართველოს განთავისუფლებას და შენ ახალგაზრდა – მით უმეტეს“-ო.
ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლესთან და ნათესავებთან ერთად.