„არ მაქვს იმის უფლება, რომ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ადამიანის პოზიციიდან ვიფიქრო, რადგანაც ვარ მასწავლებელი და ვალდებულიც ვარ, ვიფიქრო ჩემს მოსწავლეებზე, იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩემი მოსწავლეები იყვნენ და ევროპისგან დაშორებით ბევრ სიკეთეს დაკარგავენ.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა მხოლოდ ბიომეტრიულ პასპორტში შტამპის არ ქონას არ ნიშნავს. ეს არის პირდაპირი სიგნალი იმის, რომ ქვეყანა უბრუნდება იზოლაციას, სადაც ახალგაზრდას აღარ ექნება თავისუფლად მოგზაურობის, სწავლის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ეს ნიშნავს, რომ ჩემს მოსწავლეს, რომელიც ოცნებობს ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე, ეს გზა შეიძლება დაეხშოს. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ნიშნავს ამ ახალგაზრდებისთვის იმედის წართმევას, ხოლო ქვეყნისთვის, განვითარებაზე უარის თქმას, უკან გადადგმული ნაბიჯი კი არა, უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ვიზალიბერალიზაციაც ხალხის მონაპოვარია, კანდიდატის სტატუსიც და ჩვენს მონაპოვარს ნუ წაგვართმევენ. იმიტომ, რომ მათი დამსახურება აქ არის ნული.
ახლა ამის საწინააღმდეგოდ გამოსვლა კი უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევას, იმიტომ, რომ ეს არის მათი მიზანი, – დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, რადგანაც ევროპული აზროვნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უკავშირდება.
როცა ვხედავთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი აღარ არის, მედია ზეწოლის ქვეშაა, განათლების სისტემა პოლიტიზებულია, მოქალაქე უძლურად გრძნობს თავს. პროპაგანდის მსხვერპლი კი, სამწუხაროდ ბევრი ხდება.
რატომ ებრძვის „ოცნება“ დასავლეთს ასეთი თავგამოდებით, რა არის მათი მიზანი? – ვკითხეთ მასწავლებელს.
მაია ლაპიაშვილის აზრით, ამ ყველაფრის უკან დგას ის დანაშაულებრივი ქმედებები, რისთვისაც „ოცნების“ წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
„ძალიან ბევრი დანაშაულები დაუგროვდათ, კორუფცია, ნეპოტიზმი… და უნდათ თავი შეაფარონ ავტორიტარიზმს. უნდათ ყველაფერი შეფუთონ და შერჩეთ.
თუ გზას გაგვიხსნიან დემოკრატიისკენ, თავისუფლებისაკენ, შესაძლოა ისინი სულაც ციხეში მოხვდნენ და პასუხი აგონ ამ დანაშაულებისთვის, რაც დაუგროვდათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. ამ ფორმით კი ცოტა იხანგრძლივებენ დღეებს, თვეებს თუ წლებს, სანამ დაისჯებიან.
საკუთარივე ხელითვე დაისჯებიან, რადგან ისეთ კანონმდებლობას, ისეთ სიტუაციას ქმნიან სახელმწიფოში, რომ მალე რეჟიმი მათვე მიადგებათ და საკუთარი შექმნილი კანონებითვე დაისჯებიან. კომფორტის ზონიდან აუცილებლად გამოვლენ, ძალიან ცუდი შედეგით“- ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მისი აზრით, იმისთვის, რომ საქართველო არ დაშორდეს დემოკრატიას, ევროპას, აუცილებელია საზოგადოება გაერთიანდეს.
„მხოლოდ ერთიანობაშია გამოსავალი.
სიჩუმე არის ყველაზე დიდი მოკავშირე ავტორიტარიზმისთვის და აი, ამ რეჟიმის, რაც ახლა გვაქვს.
ჩემი კოლეგების უმრავლესობის ყველაზე დიდი დანაშაულიც არის სიჩუმე. შეიძლება ქუჩაში არ გამოდიან, მაგრამ დღეს ბევრი პლატფორმა არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოხატო. ძალიან ბევრი საგანი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ღიად ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზე.
როცა მასწავლებლის, სტუდენტის, მშობლის ხმა ერთია, ხელისუფლება იძულებულია ხალხის აზრი გაითვალისწინოს. ახალგაზრდების პროტესტმა მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლება, არამედ ეს არის ხალხის ქვეყანა.
წელიწადზე მეტია ვდგავართ ქუჩაში და ეს მესიჯია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ხალხის ქვეყანა ვართ და ხელისუფლება ვერ გვერევა. დაგვიძახონ „ოციოდე კაცი“, „ასი კაცი“, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტი არ ნელდება და გამოსავალი არის ერთად დგომაში, განათლებაში, კრიტიკულ აზროვნებაში და იმაში, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს და ნუ გადააბარებს ამ პასუხისმგებლობას სხვას. ჩემს ნაცვლად სხვა გააკეთებს საქმეს, ამის იმედით არ უნდა ვიყოთ“- ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მაშინ როცა, რეჟიმი უდანაშაულო მასწავლებელს ციხეში კეტავს, მეორე მასწავლებელი კი ჯილდოს იღებს რეჟიმისგან, რა განცდაა ეს თქვენთვის? – ვეკითხებით მაიას.
„სერიოზულად ვბრაზდები ამ ყველაფერზე, რადგანაც ჩემ გარშემო ვხედავ ძალიან ბევრ კონფორმისტ ადამიანს, რომელიც სარგებლობს ამ სიტუაციით და მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის ხმა, ან საერთოდ არ იღებს ხმას, ან პირიქით, – ხელისუფლების სასარგებლო მესიჯებს აგზავნის საზოგადოებაში.
ეს არის დანაშაული. პირდაპირი დანაშაული ქვეყნის და მომავლის წინაშე. მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება.
თუ მოსწავლეს ვასწავლი კონსტიტუციას და ამავე დროს ვჩუმდები, როცა კონსტიტუციას არღვევენ, ეს დანაშაულია.
როცა მოსწავლეს სულ სხვა რამეს ვასწავლით და სულ სხვა რამეს ვაკეთებთ, ეს არის მოტყუება.
მასწავლებლის ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის არის ფასეულობების გამტარი. როცა მოსწავლეს ვეუბნები, რომ მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა, პერსონალური მაგალითით უნდა აჩვენო. მაგრამ რას ვხედავთ რეალურად.
დღეს სკოლა სავსეა კონფორმისტებით, რადგან მათთვის სასურველი კრედიტების სისტემა შემოიღეს. მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკუთარი საგნობრივი გამოცდა, მინიმალური კომპეტენცია ვერ გადალახეს, ეჭიდებიან კონფორმიზმს.
ოროსანი მასწავლებლებით სავსე სკოლები დაგვიტოვეს და რა კრიტიკული აზროვნება მოეთხოვებათ. არც კოლეგიალობა მოეთხოვებათ და არც სოლიდარობა, რადგან მათთვის მთავარია შეინარჩუნონ სამსახური“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.
ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად „ოცნება“ პრორუსულ ნარატივებსაც აძლიერებს. ანწუხელიძის თავდადებას და ზოგადად, გმირობას აუფასურებს.
თუმცა მაია ლაპიაშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ მისთვის სასურველი ისტორიის დაწერას ვერ შეძლებს.
„არავის არ უნდა მივცეთ ამის უფლება.
მჯერა, რომ იქნება მცდელობები, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და ეს არ უნდა დავუშვათ. უბრალოდ, მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ სწორი პასუხები მივიდეს მოსწავლემდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ იქამდე, რომ კრიტიკული აზროვნება შეიზღუდება. ჯერ ისედაც სად გვაქვს და თუ ესეც აღარ გვექნება.
მოსწავლეები აღარ ისწავლიან ფაქტებს, არ ექნებათ ანალიტიკური მსჯელობის შესაძლებლობა, მიიღებენ პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილ ნარატივებს და ვეღარ შეძლებენ ისტორიის სიღრმისეულ გაგებას და გააზრებას.
მოხდება ცოდნის აღრევა, ფაქტების დამახინჯება და სწავლება შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული. თუ ამ შედეგამდე მივალთ, როგორ ვისაუბროთ პატრიოტიზმზე ან მოქალაქეობრივ ღირებულებებზე? მაშინ საერთოდ დავკარგავთ განათლებას.
მაგრამ მჯერა, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენს რეალობაში სასიკეთო ცვლილებები.
სიმართლის მხარეს ცოტა დგა, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მისი აზრით, დღეს პროტესტს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმ არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ დანიშნულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და დანიშნულ არჩევნებსაც არ ვაღიარებ, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნებიც არალეგიტიმურია.
და თუ მივიღებთ ამ „არჩევნებში“ მონაწილეობას, ყველა სადავეს ხელში ჩავუგდებთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.