აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი, “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრისას ფიქრობს, რომ, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესია ახლა უცხოელი პარტნიორების როლი, მეორე მხრივ კი, შემაშფოთებელია ქართული პოლიტიკური რეალობა.
“იმედი მაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით კი აშშ, ილაპარაკებენ ხმამაღლა იმის შესახებ, თუ რამდენად შეშფოთებულები არიან ქართველი მეგობრების მიერ უკან გადადგმული ასეთი გიგანტური ნაბიჯით. მთავრობის პასუხისმგებლობაა ადამიანების დაცვა და არ მეგონა, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისს ასე შეუტევდნენ. ვუყურებდი და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზდენტი და საქართველოს სხვა მეგობრები ამის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკებენ, სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი და სხვები კი მტკიცედ გამოთქვამენ მოსაზრებებს ამის შესახებ”, – თქვა ყოფილმა სარდალმა.
ჰოჯესი ამბობს, რომ მოვლენები რუსული მოდელის ნაწილია და მის წინააღმდეგ მოქმედება დაუყონებლივ საჭიროა.
ეს არის ერთგვარი გაგრძლება იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს თავის პერიფერიებში. უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს ამ კვირაში დონბასში, რუსეთი მხარს უჭერს ლუკაშენკოს რეჟიმსაც. ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის აზრით, ესაა მოდელი და თუ არ ვუპასუხეთ, კიდევ გაგრძელდება. ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. არ მგონია ჯანსაღი იყო ერთპარტიული მმართველობა… ძალის გამოყენება, რომელიც დილით ვიხილეთ, არ არის კარგი. შესაძლოა, გამოსავალი ახალი არჩევნები იყოს. თუმცა იმედი მაქვს მთავრობა აღარ გამოიყენებს ძალას”