გურიის მოამბე

ქეთი გაჩეჩილაძე – ხელისუფლების მიზანია ქვეყანა რუსული ტიპის ავტორიტარულ ქვეყნად აქციოს

მე ვარ ქეთი გაჩეჩილაძე, 37 წლის, იურისტი ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.
▪️მე ისეთ პერიოდში გავიზარდე, უპერსპექტივობაში, სადაც ძალიან ხშირად გვიწევდა ჩაგვრის ყურება. არანაირი საბაზისო საჭირობებით არ ვიყავით უზრუნველყოფილი, რაც მოზარდის ჯანსაღი პიროვნული და ფიზიკური განვითარებისთვის იყო აუცილებელი. უბრალოდ, გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ამ პერიოდში ძალიან ბევრი უფლების დარღვევა ვნახე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ის პერიოდია, როცა გოგოებს იტაცებდნენ, დღისით, მზისით, მანქანაში ტენიდნენ და ამას დაოჯახებას ეძახდნენ. სუსტების ჩაგვრა და ის, რომ ადამიანები იძულებულები იყვნენ, ის გაეკეთებინათ, რისი გაკეთებაც არ უნდოდათ, ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა. ბევრი ამას ვერც უძლებდა… იურისტობაც ამიტომ გადავწყვიტე საკმაოდ პატარა ასაკში, ყოველთვის ვიცოდი, რომ უფლებადამცველი ვიქნებოდი.
▪️ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული და იმ სასარგებლო საქმეების შესახებ, რასაც აკეთებდნენ, ბევრი ვიცოდი. საჯარო სამსახური დიდად არ მიზიდავდა და თავიდანვე ვფიქრობდი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში დავიწყებდი მუშაობას. ზოგადად, ჩემი პროფესიული ამბიციები პირად კარიერულ ზრდას იმდენად არ უკავშირდებოდა, რამდენადაც უფლებადაცვით სფეროში მიღწეულ წარმატებებს – მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაც მცირედი მაინც შევცვალე ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პროფესიული ამბიციაც და თვითკმაყოფილების საფუძველიც.
მუშაობა დავიწყე სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის მიმართულებით. თავიდან ვმუშაობდი სამართალდამცავ სისტემაზე – პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, და ასევე, სასამართლო. ბოლო სამი წელი მხოლოდ სასამართლოზე და სასამართლოს დემოკრატიული რეფორმირების საკითხებზე ვიყავი ფოკუსირებული. საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას ვიკვლევდი, იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არსებობს – როგორც კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, ასევე პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს. ვწერდით მოკლე სამართლებრივ სტატიებს პოპულარულ ენაზე, რომ ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა და მათთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ქართული სასამართლოს პრობლემები ახლა არ დაწყებულა და წარსულიდან იღებს სათავეს. პოსტსაბჭოთა საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სასამართლო რეალურად არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ის ყოველთვის ემსახურებოდა პარტიულ ინტერესებს და იყო ხელისუფლების რეპრესიების ინსტრუმენტი, შესაბამისად, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და სასამართლოს მიმართ ნდობა, მისი რეპუტაცია და ავტორიტეტი ძალიან დაბალია. სრულიად სამართლიანადაც, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ეს იყო ძალიან მძიმე ფორმის კორუფცია სასამართლოში, რაც ძირს უთხრიდა სამართლიან მართლმსაჯულებას. საუბარია პირდაპირ ქრთამის მიცემასა და აღებაზე, რაც ნაციონალების დროს მეტ-ნაკლებად მოგვარდა, მაგრამ მერე სხვა პრობლემები წარმოიშვა. საქართველოში არცერთ ხელისუფალს არ აღმოაჩნდა იმის პოლიტიკური ნება, რომ სასამართლოს რეალური რეფორმა და დემოკრატიზაცია მომხდარიყო; ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმის ცდუნებას, რომ სასამართლო არ ჩაეყენებინა თავის პარტიულ ინტერესებში, და ეს გამოჩნდა ყველა ხელისუფლების მოსვლიდან ძალიან მალე, როდესაც მათ დაიწყეს ზედაპირული და ფასადური რეფორმების გატარება. შესაბამისად, ღრმა პრობლემები რჩებოდა და ამ ზედაპირული რეფორმებით იფუთებოდა ხოლმე.
დღეს სასამართლოს უამრავი პრობლემა აქვს: არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლებისგან, სასამართლოში არის კლანური მმართველობა, ძალიან ბევრი არაფორმალური გავლენაა და ძალიან მყიფეა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები. პრაქტიკულად, ინდივიდუალურ მოსამართლეს დამოუკიდებლობის გარანტიები აღარ დარჩა, არც საკანონმდებლო, არც ფორმალური და არც არაფორმალური; ის გახდა ძალიან მოწყვლადი პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ და ასეთ მდგომარეობაში მოსამართლეს ძალიან დიდი გამბედაობა და სერიოზული მედეგობა სჭირდება, რომ ამას გაუძლოს. სამწუხაროდ, ეს გამბედაობა მოსამართლეების ძალიან მცირე ნაწილს შეიძლება აღმოაჩნდეს, უმრავლესობა პოლიტიკურ გავლენებს ვერ უძლებს და ემსახურება პარტიულ ინტერესებს. აქ, ბუნებრივია, სამართლიანობაზე საუბარი ვეღარ გვექნება.
▪️ საკუთარ თავს აქტივისტს არ ვუწოდებ. მე უბრალოდ აქტიური მოქალაქე ვარ, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს ამ ქვეყნის წინაშე და არ შეუძლია, მშვიდად უყუროს, როგორ გადაუხვია ქვეყანამ დემოკრატიის გზიდან, როგორ მყარდება ავტოკრატიული მმართველობა. ეს არ დაწყებულა ერთი წლის წინ, საკმაოდ დიდი ხანია, ამისთვის მზადება მიდის, უბრალოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აშკარად გამოიკვეთა ხელისუფლების მიზანი, რომ საქართველო აქციოს იზოლაციურ, რუსული ტიპის ოლიგარქიულ, ავტორიტარულ ქვეყანად. ეს ძალიან ცხადი იყო ,,რუსული კანონის’’ მიღებისთანავე, როდესაც ბრძოლა გამოუცხადეს სამოქალაქო საზოგადოებას. არცერთ ხელისუფლებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ბრძოლას უცხადებს, არ აქვს კარგი მიზანი ქვეყნისთვის, რადგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი ხელისუფალისთვის დისკომფორტია, ერთგვარი მბოჭავი ძალაა, ხელს უშლის თვითნებობაში და პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში. ამ ხელისუფლების მიზნები ჩემთვის მაშინ გაცხადდა, როდესაც მან წინა ხელისუფლების დროინდელი კლანის წევრები უვადოდ დანიშნა სასამართლოში – ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურად დაქვემდებარებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე; ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრიათ იმაზე, რომ სასამართლო იყო პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი. იმ დროიდან მოყოლებული, მე ყოველთვის გამოვდიოდი აქციებზე და ვცდილობდი, ყველა ის პლატფორმა გამომეყენებინა, სადაც შევძლებდი, საჯაროდ ხმა ამომეღო. ამას მე საკუთარ თავს მოვალეობად ვუთვლი, როგორც მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა.
ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო კურსს გადაუხვია. მან მოატყუა არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ,,ქართული ოცნებისთვის’’ ხმა არ მიუცით, არამედ თავისი ამომრჩევლებიც. მე მჯერა, რომ მათ პროევროპული ამომრჩევლებიც ჰყავთ – ადამიანები, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ ,,ქართული ოცნება’’ მართლაც ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ. მან მოატყუა ეს ხალხი, როდესაც ღიად და აშკარად აღმართა რკინის კედელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როდესაც ამან საზოგადოების ძალიან მძაფრი რეაქცია და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, პროტესტის ჩახშობის ძალიან ბრუტალურ და ამორალურ გზებს მიმართეს, დაწყებული მძიმე ძალადობიდან, დამთავრებული -შეკერილი სისხლის სამართლის საქმეებითა და პოლიტიკური დევნით. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ სასამართლო პროცესებს თუნდაც ერთხელ დაესწრო, მოუსმინო ცრუ მოწმეებს და მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და ცხადად არ დაინახო, ერთი მხრივ, სასამართლოს პრობლემები და, მეორე მხრივ, ხელისუფლების ეს ამორალური სურვილი – ნებისმიერი გზით ჩაახშოს პროტესტი, დააშინოს ადამიანები და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაუქვემდებაროს ყველა, ვინც გაბედავს და ხმას აიმაღლებს მათი პოლიტიკის წინააღმდეგ.
▪️ ეს ერთი წელი ჩემთვის სავსე იყო იმედგაცრუებებით – ძალიან ბევრმა ადამიანმა იმედი გამიცრუა. ყველაზე მტკივნეული ამ პროცესებში აღმოჩნდა არა სამსახურის და საქმიანოაბის დაკარგვა, არა ფინანსების, არა დროის დაკარგვა, არა დაკავების შიში ან დარბევების გამო ბრაზი, არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დუმილი და გულგრილობა უსამართლობაზე. იმ ადამიანების დუმილი, რომლებთანაც მთელი ცხოვრება, საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს; ადამიანები, რომლებთან ერთადაც ბევრი რამე გადამიტანია… ეს იმედგაცურება და ტკივილი არის ჩემთვის ყველაზე მძიმე. მესმის, რომ ჩვენ ძალიან ხანგრძლივ ბრძოლაში ვართ და ეს ბრძოლა ნებისყოფას, თვითდისციპლინას და გამძლეობას მოითხოვს. მე ვნახე ბევრი ფრუსტრირებული ადამიანი და გულს მტკენს ისიც, რომ თანამებრძოლების რაღაც ნაწილი გამოგვაკლდა. ალბათ, საკუთარი თავის რწმენაც დაკარგეს. თუკი საკუთარი თავის რწმენა გაქვს, შეუძლებელია, ვერ იგრძნო, რამდენად დიდი როლი გაქვს ამ პროცესში. შეიძლება, ფიზიკურად ვერ ახერხებდე ყოველდღიურად აქ დგომას, მაგრამ რაღაცის გაკეთება მაინც შეგიძლია ამ პროტესტის სასარგებლოდ.
თუმცა ეს ერთი წელი არა მხოლოდ დანაკარგით, შენაძენითაც სავსე იყო – ძალიან ბევრი საოცარი, მამაცი, კეთილშობილი, კეთილგონიერი და პატრიოტი ადამიანი დავინახე. ერთმანეთი დავინახეთ ადამიანებმა. ძვირფასი მეგობრები შევიძინე, რომლებსაც მჭიდროდ ჩავკიდე ხელი და ვფიქრობ, მთელი ცხოვრება აღარ გავუშვებ.
ჩვენი ღრმა რწმენა, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და გულწრფელად ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გამარჯვების იმედს მაძლევს. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის, სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება და ყველას ექნება განვითარების შესაძლებლობა. ეს არ არის უბრალოდ ოპტიმიზმი, ეს არის ისტორიული კანონზომიერება – თავდადებული ბრძოლა სამართლიანობისთვის, შეიძლება გვიან, მაგრამ ყოველთვის იღებს შედეგს.
შეუძლებელია, ამ თავდადებასთან და მიზნის ერთგულებასთან ბოროტებამ გაიმარჯვოს, თუნდაც დიდმა ფინანსურმა კაპიტალმა.
აქეთ მხარეს არის სინათლე და სიყვარული.
საქართველოს იმიტომაც არ უწერია დამარცხება, რომ ისეთი ადამიანები გვყავს, რომლებიც ამ ქვეყანას არ მისცემენ უფლებას, დაეცეს. ძალიან ბევრი ადამიანის მჯერა, რომლებიც იბრძოლებენ ბოლომე, გამარჯვებამდე.
———————————————————————
🟡 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights