ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრის თქმით, სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას და შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან უცხოური გავლენის მიმართ.
,,მთლიანობაში არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია. ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის რა, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში. ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას, ასეთ პირობებში შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები.
მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,” – განაცხადა კობახიძემ.








