გურიის მოამბე

,,როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა, ვამბობდი, რომ ეს იყო რუსული პროექტი”

“პირადად მე არავის დავუკავებივარ, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს ძალიან მიშლის. როგორ შეიძლება ახლა ფსიქოლოგიურად კარგად ვიყო?! ახლა კმაყოფილი და ბედნიერი როგორ უნდა იყო ადამიანი, როცა ასეთი რამ ხდება შენს ქვეყანაში”, – ამბობს ცნობილი მსახიობი – დიმიტრი ტატიშვილი ,, კვირის პალიტრასთან”.

,,თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება ან მერე არ შეეხება, ძალიან ცდება. ეს არის პირდაპირ რუსული დიქტატურა, რუსული მმართველობა. არაფერი კარგი ამაში არ არის, არაფერს კარგს არ მოგვიტანს. მთლიანად კორუფციაზეა ყველაფერი აწყობილი. არალეგიტიმურმა მთავრობამ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, რეპრესიებს მიმართავს.

– ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრი დატოვა, დავით დოიაშვილი მოხსნეს, რამდენიმე ხელოვანი დაკავებულია… ამას რეპრესიებს უკავშირებთ?

თქვენ როგორ ფიქრობთ, არ იყო ეს რეპრესიები?! რა თქმა უნდა, რეპრესიებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს არის უბრალოდ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ არალეგიტიმური, ამ რუსული წესით მმართველობის. ვინც არ არის მათი აზრის, მტრად აღიქვამენ და ექცევიან როგორც მტერს. სიტყვა “ნაცი” გააიგივეს ქვეყნის მტერთან, როგორც ედუარდ შევარდნაძის დროს იყო ეგრეთ წოდებული ზვიადისტები მტრები. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზვიადისტები ყველაზე პატიოსანი, საღად მოაზროვნე ხალხი იყო.

– ამდენად რთულ პერიოდში რამდენად ახერხებთ იყოთ რეალიზებული თქვენს პროფესიაში, რამდენად გაქვთ მოტივაცია?

– მე პირადად არავის დავუკავებივარ, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს ძალიან მიშლის. როგორ შეიძლება ახლა ფსიქოლოგიურად კარგად ვიყო?! ახლა კმაყოფილი და ბედნიერი როგორ უნდა იყო ადამიანი, როცა ასეთი რამ ხდება შენს ქვეყანაში. ნათქვამია, – როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმან – ასეა დღეს. ქვეყანას ვკარგავთ თუ დაკარგულია უკვე და… დღეს თეატრზე ნაკლებად ვფიქრობ. დიდი ფუფუნებაა, როცა მთელი არსით და გონებით ხელოვნებაში ხარ ჩაფლული, მაგრამ დღეს ამას მოკლებულები ვართ.

გამოსავალი მხოლოდ ის არის, ადამიანები, ვინც ვთვლით, რომ რუსეთი არ გვინდა, უნდა გავერთიანდეთ! ერთი აზრი გვაქვს, ერთმანეთისგან არაფერი განგვასხვავებს და გვაშორებს. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, მმართველობა ამ ქვეყნის. დღეს არის არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც უკანონოდ მართავს საქართველოს. მათ ამის უფლება არ აქვთ, არც ოფიციალური, არც მორალური.

 ახალ კანონზე რას იტყოდით, ემიგრანტებს რომ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლით შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობა?

– აბსურდია! ეს არ არის კანონი და ვერც მიიღებენ, კანონს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იღებს. ამ კანონის გაჟღერება ნიშნავს ზუსტად რუსულ მოდელს, სადაც თავისუფალი აზრი იდევნება… 300 წელია, რუსეთი მართავს საქართველოს, ახლა – ყველაზე მეტად. დარწმუნებული ვარ, რუსი მაღალჩინოსნები ორი ან სამი არიან საქართველოში და პროცესებს მართავენ. მე ასე ვფიქრობ. რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რუსეთისკენ წავიდა, დაახლოებით, 200-300 ოჯახი, ამ ხალხს აქვს ახლა კონცენტრირებული ძალაუფლება. დანარჩენი ადამიანები, ქვეყნის დიდი უმრავლესობა, რუსეთისკენ არ მივილტვით. კანონები კი არა, ეს რუსეთის ბრძანებებია, სინამდვილეში, ყველაფერი ფარსია!

– კორუფციასთან ბრძოლაც?

– სისულელეა! ყველამ ვიცით, რომ ხურდა ფულია მისთვის, ვისაც 7 მილიონი წაართვეს. ეს ყველამ ვიცით, მათ შორის – “ქოცებმაც”.

ფარსია, ხალხო და ზუსტად ეგ არის რუსული სისტემა. ესენი დიდი ხანია, თავიანთი ნებით აღარაფერს აკეთებენ, რუსეთიდან მოსულ დირექტივებს და ბრძანებებს ასრულებენ.

ალბათ, მეც დამაკავებენ, სხვებსაც, ყველას… სიმართლე მაგათთვის ყველაზე დიდი საშიშროებაა. რუსეთში რომ გამოხვიდე და ხელში ცარიელი ფურცელი დაიჭირო, დაგიჭერენ. იგივე ხდება აქაც! თუ ვინმე ლოიალურად არის ხელისუფლების მიმართ განწყობილი, მათაც შეეხება. ეს ყველაფერზე ცუდად აისახება, მათ შორის, ეკონომიკაზე.

შეხედონ რუსეთს და მიხვდებიან.

მე არასოდეს დამიმალავს ჩემი პოზიცია. 2011 წლიდან, როდესაც პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, იქიდან მოყოლებული ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ვამბობდი, რომ ეს იყო რუსული პროექტი, სისტემა, რომელიც რუსეთმა ბიძინა ივანიშვილის ხელით აქ დაამყარა.

თუ ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ვიქნებით და არ გავერთიანდებით, მაშინ რუსულ პროვინციაში აღმოვჩნდებით.”

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights