გურიის მოამბე

სულ პროტესტში ვარ, მაგრამ ასეთი ხელისუფლება არ მახსოვს – მარინა ჟვანია

განათლების სპეციალისტი მარინა ჟვანია, რომელიც ტროტუარზე გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო სასამართლოში დაიბარეს, ამბობს, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არაერთ საპროტესტო აქციაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა “ასეთი ხელისუფლება არ ახსოვს”.

“კონსტიტუციით გვაქვს უფლება, რომ გავაპროტესტოთ. თვითონ, როდესაც ეს მთავრობა მოდიოდა, მაშინ ამბობდა,  გააპროტესტეთ, არ დაინდოთ არავინო, გამოდითო.  თუ ვინმე ცუდს დააშავებს და რამეს გააკეთებსო, გამოდითო.   ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე დაგიჭერთ ამაში მხარსო. ახლა ძალიან შეიცვალა ვითარება.

მსგავსი მე არ მახსოვს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. მჟავანაძის [ვასილ მჟავანაძე 1953-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი] დროიდან მოყოლებული, სულ ვარ პროტესტში, 1978 წელსაც აქ ვიყავი, 9 აპრილსაც. ყოველი მთავრობის დროს, თუ არ მომწონდა რამე, ვაპროტესტებდი, მაგრამ აი, ასეთი საშინელი მთავრობა,  ის კურსი, საითაც მიჰყავთ ქვეყანა, ის სისტემა, რომელსაც აშენებენ, ამ კორუმპირებული სისტემის მსგავსი არასოდეს არ მახსოვს”.

ის ამბობს, რომ ხალხს ამ რეპრესიებით ვერ შეაშინებენ:

“მგონია, რომ ხალხს არ შეეშინდება, გამოვა, გააპროტესტებს და ეს მთავრობა, არ ვიცი, მთავრობასაც ვერ დავარქმევ, ხალხის ძალას ვერ გადაურჩება.”

25 დეკემბერს მარინა ჟვანიას სასამართლო პროცესი 2026 წლის იანვრისთვის გადაიდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights