ლადო მენაბდე – ხმამაღლა ფიქრები
თავი რომ დავანებოთ შეთქმულების თეორიებს (ვინ ვისი აგენტია, ვინ ვის დაცხრომას თუ “გაგრილებას” ცდილობს), ტრამპისეული ფილოსოფიით, რომელიც ძირითადად ანტი ბაიდენური და ანტი ლიბერალური განწყობებით იკვებება, პუტინი ისეთივე მსხვერპლია ამ მემარცხენე ლიბერალური შეთქმულების, როგორიც თავად ტრამპი. ახალი არაა, რომ ტრამპი თავს მსხვერპლად და ბაიდენის მმართველობის დროს რეპრესირებულად მიიჩნევს, იმ ათეულობით (80 – ზე მეტი) სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული ბრალდებების უკან, რომელიც მას წაყენებული ჰქონდა და აქვს წინა მმართველობის პერიოდში.
წაყენებულ ბრალდებებში ის მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულებს ხედავს და ძირშივე გამორიცხავს, მის რაიმე ბრალეულობას ამ საქმეებში.
ასევე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების ასეთივე მიდგომის მსხვერპლია პუტინიც.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ტრამპი არ განიხილავს, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნები და პირველ ყოვლისა ევროპა, როგორც აგრესიას, ოკუპაციის მცდელობას და თავისთავად სახელმწიფო ტერორს მეორე, სუვერენული სხელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ მიიჩნევს, როგორც პროცესს, რაშიც “საწყალი პუტინი ჩაითრიეს” – რაც არ უნდა ფუთოს ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ასეთი მიდგომები, ალაგ-ალაგ ნასროლი წყალწყალა და გამოშიგნული ფრაზეოლოგიით, ფაქტია, რომ, მისი გაგებით, ზელენსკი (უკრაინა) მას, უბრალოდ “ფეხებში ედება” პუტინისკენ მიმავალ გზაზე, გზაზე, რომლის ბოლოშიც უამრავი, “მილიარდებით “დახუნძლული” ეკონომიკური პროექტები და მისი გაგებით, ამერიკისათვის “ბედნიერი მომავალია”.
ამერიკის გარკვეულ წრეებში სულ უფრო მწიფდება აზრი, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელიც ტრამპის უკან, “ჩრდილში” დგას, რომ დემოკრატიამ თავისი რესურსი უკვე ამოწურა და მომავალი “კონტროლირებადი” ავტორიტარიზმისაა, საუბრები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეტევები “ბი ბი სი” ზე, ასევე წერტილოვანი დარტყმები მსხვილ ამერიკულ მედიებზე, ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ესენი მიიჩნევენ რომ – მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებისას, რომელიც, სავარაუდოდ – რამდენიმე წელიწადში უფრო მკვეთრ ხასიათს მიიღებს, ავტორიტარებს, მაგალითად პუტინს, და მის მსგავს დიქტატორებს, დიდი უპირატესობები აქვთ და ექნებათ-მაგალითისათვის პუტინი, მან უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 2022 წელს განახორციელა, ევროპას, ანუ დემოკრატიას, მისთვის პასუხი კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება ევროპის ეგზისტენციალური საკითხიცაა, დღემდე არ გაუცია. პრობლემა, ამათი აზრით, დემოკრატიულ სტრუქტურებშია -სადაც ძირითადი – გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მასში ჩართულობაა.
სანამ ევროპაში ამაზე მსჯელობენ, სადღაც ურბანი გაეჩხირება, სადღაც ფიცო, სადღაც კიდევ ბელგიის პრემიერი თუ ავსტრიის პარლამენტი, პარალელურად ევროპული დემოკრატიის თავზე, ამერიკის ამ ძალების წახალისებით “დამოკლეს მახვილივით” დაკიდეს კვაზი ფაშისტური და ულტრამემარჯვენე ძალები, საფრანგეთში ტრადიციულად ლე პენი, გერმანიაში კიდევ “ადეეფი”.
რატომ ვერ აგდებს გერმანია მთელ რიგ ქალაქებში რუსულ სადაზვერვო დრონებს? იმიტომ რომ კონსტიტუციით, არმიას დასახლებულ პუნქტებში, მშვიდობიანობის დროს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღის გამოყენება ეკრძალება, თქვენი აზრით, რამდენი წელი დასჭირდება გერმანულ დემოკრატიას, ეს მუხლი რომ შეცვალოს, “ადეეფის” შემხედვარე თუ საერთოდ რეალურია კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილების შეტანა.
ანუ, მიიჩნევენ, რომ დიქტატორების მთავარი უპირატესობა. მსგავსი ტიპის დაპირისპირებების დროს დემოკრატიულ სისტემებთან-ოპერატიულობაა.
ტრამპი არ არის ინდივიდუალური პრობლემა, ამ პრობლემის ძირი, გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის ახირება თუ ინსტინქტები.
სულ უფრო და უფრო, შესაძლოა ასეც ითქვას-დთითი დღე მზარდი ევროკავშირი, ბევრი მისი მოკავშირისთვისაც, ეტყობა გამოწვევად იქცა, დემოკრატიას არ უყვარს ომი, ამიტომ, სერიოზულად არასდროს ემზადება ამისათვის, ევროპაც ასე შეხვდა ამ ახალ გამოწვევებს, ამითაც სარგებლობს დიქტატურები, ამერიკული ქოლგის ქვეშ მყოფებს უცებ ეს ქოლგა წაერთვა და კოკისპირული წვიმის დროს, არათუ ქოლგის გარეშე, არამედ უქუდოდ დარჩა და რომ არა გმირი უკრაინელი ხალხი, შეიძლება ახლა პუტინი არა “აფერისტ” და “ყალბ” მხედართმთავრებს, არამედ ახალ “სუვოროვებს” თუ “კუტუზოვებს” ელაპარაკებოდეს კრემლში.
გასული საუკუნის მიწურულს, საბჭოთა კავშირის ნგრევისას, ბჟეჟინსკი ამბობდა: “ევროპას მომავალი მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს-ან ევროპა უნდა გახდეს გერმანული, ან გერმანია ევროპული” – ეს გამოთქმა, “გაუგებარი კოლისა” და “გასაგებზე მეტად გაუგებარი” მერკელის შემხედვარე – მთლად პერსპექტიულად არ ჟღერდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსული “ადენაუერების” შემდეგ, შეუძლებელია ეს ფრაზა არ გაიხსენო-მერცის გერმანია, სწორედ ისაა, რაც ახლა პოსტსაბჭოთა – თავისუფლებისაკენ მსწრაფი ხალხებისათვის, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, “ღმერთის მიერ გადმოგდებული” კიდევ ერთი “მაშველი რგოლია”.
შემთხვევითი არაა, რომ კრემლის ნომერ პირველი სამიზნე დღეს გერმანია და მისი ლიდერია, არც ისაა შემთხვევითი, თბილისის საოკუპაციო რეჟიმი, “მაინცადამაინც” გერმანიის ელჩს რომ “ტეკობს”.
ვფიქრობ დადგა დრო, ჩვენ ამერიკა და ვეროპა ერთ კონტექსტში – “დასავლეთი” – აღარ უნდა მოვიხსენიოთ, რადგან, რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, რუსეთთან მათი დამოკიდებულება- და თავისთავად ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც რუსეთს ისტორიულ თუ მოქმედ მტრად განიხილავს – სხვადასხვაა.
გერმანიას კიდევ მინიმუმ 20 წელი დასჭირდება ალბათ, ისეთივე როლი რომ ითამაშოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც ამერიკა, მაგრამ, შესაძლოა მოვლენები სასიკეთოდ -უკრაინელი ხალხის გაუტეხელმა ბრძოლამ, და ამერიკაში ანტიტრამპისეული მოძრაობების, კონსოლიდაციამ და გამარჯვებამ, როგორც შუალედურ, ასევე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში – დააჩქაროს.
ანტიტრამპისეულში მაინცადამაინც დემოკრატებს არ ვგულისხმობ, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რეიგანისტულმა ფრთამ თუ არა, ჯერ კიდევ წინა პრაიმერში დამარცხებულმა, რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციულმა რესურსმა, მაშინ პირობითად ჰეილი რომ წარმოადგენდა, დაიბრუნოს პარტია, რომელიც ასე უხეშად მოაქცია ტრამპმა, მისი პირადი ინტერესების ქვეშ.








