პუტინის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა, ისევე როგორ სუვერენული სომხეთის, ყაზახეთის თუ უზბეკეთის, რადგან „ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური“.
ამაზე დუგინმა, 13 იანვარს, პროპაგანდისტულ გადაცემა Инфоцелина-ში ჩართვისას ისაუბრა.
გადაცემაში მან განიხილა შესაძლო სცენარებს, რომლებიც უკავშირდება ძალთა გადანაწილებას დიდ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ რუსეთს „სხვა გზა არ აქვს“ გარდა იმისა, რომ გამოაცხადოს თავი იმპერიად. დუგინი აღნიშნავს, რომ რუსეთს აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ ახალ გლობალურ გადანაწილებაში და გამოაცხადოს ევრაზიული „მონროს დოქტრინა“ – ევრაზია ევრაზიელებისთვის. დუგინი ამბობს, რომ რუსეთი უნდა ჩაერთოს მსოფლიო გადანაწილებაში, „ჩვენ ისედაც ვმონაწილეობთ ამ პროცესში“, – ამბობს ის.
„ჩვენი მიზანია, ამ სამპოლუსიან სამყაროში გავხდეთ ძალაუფლების უმნიშვნელოვანეს ცენტრი – სუვერენული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, უზარმაზარი.
ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური; ისინი არ იქნებიან მშვიდი, წყნარი შვეიცარიები – ისინი გადაიქცევიან სხვა პოლუსების ფორპოსტად და, პირველ რიგში, ყველაზე კონფლიქტური პოლუსის, შეერთებული შტატების.
ამიტომ ჩვენ ვერ დავეთანხმებით სუვერენული სომხეთის, ან სუვერენული საქართველოს, ან სუვერენული აზერბაიჯანის, სუვერენული ყაზახეთის, სუვერენული უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის არსებობას.
ვერაფერი სუვერენული ამ ახალ მოდელში ვერ იარსებებს. ან ისინი იქნებიან ჩვენს ბანაკში, ჩვენი ერთიანი კავშირის ნაწილად, ან გადაიქცევიან დასავლეთის, ევროკავშირის, ამერიკის, ან გარკვეულ გარემოებებში – ჩინეთის პლაცდარმად“, – თქვა დუგინმა.
დუგინი გადაცემაში ამბობს, რომ რუსეთმა მოქმედება უნდა დაიწყოს „ისე, როგორც ტრამპმა, რადგან სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ანუ ის ამბობს: ეს ჩემი ტერიტორიაა და ის იქნება ამერიკული. ხოლო ჩვენ ვამბობთ: ეს ჩვენი ტერიტორიაა, ის იქნება რუსული, ევრაზიული“.








