გურიის მოამბე

რა შენიშვნები ქონდა გომელ (ოზურგეთელ) პედაგოგს იაკობ გოგებაშვილთან

გრიგოლ ბურჭულაძე – კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი წარსულიდან
.
კახა ჩავლეშვილი
გურულების თავგადასავალში ყველაზე საინტერესო ხალხი გახლავთ გურული მასწავლებლები, რომლებიც არამარტო გურიაში არამედ მთელ საქართველოში ეწეოდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას. მათ შორის გახლავთ 1861 წელს სოფელ გომში დაბადებული გრიგოლ ბურჭულაძე, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა: ოზურგეთში, თელავში, ახლალციხეში, ხონში, ზაქათალაში და ა.შ.. განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვს ახალციხეში ქართული სკოლის განვითარების საქმეში. ძველ პრესაში ხშირად შეხვდებით ინფორმაციას მის საქველმოქმედო საქმიანობაზე, ბიბლიოთეკებისა და სკოლებისათვის წიგნების შეძენასთან დაკავშირებით.
.
ძნელია სრულად აღიწეროს ამ ადამიანის მოღვაწეობა, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი და სულისკვეთება ჩანს მის მიერ 1896 წელს ივერიაში გამოქვეყნებული კრიტიკული წერილიდან – „ზოგიერთი შენიშვნები „დედაენის“ შესახებ“, გთავაზობთ ფრაგმენტებს წერილიდან:
.
„გ“-ს შესასწავლად „დედა-ენაში“ ხმარებულია სიტყვა ანგელოზი. ერთი რომ ეს დიდი სიტყვაა, ოთხმარცვლოვანი, მეორე ყოვლად შეუძლებელია ბავშვს ავუხსნათ, რა არის ანგელოზი, თუ არ გჯერათ სცადეთ ერთ რომელიმე ცნობისმოყვარე ბავშვთან და სიმართლის თქმასაც ნუ შეუშინდებით. ანგელოზის მაგიერ ძლიერ კარგი იქნება იხმაროთ „მაგიდა“. ვიცი ბევრს ეჩოთირება ეს სიტყვა, მაგრამ ნუ დაივიწყებენ, რომ ნასესხებს ყოველთვის საკუთარი სჯობია. სიტყვა „სტოლი“ საერთოდ უნდა განიდევნოს ქართული წიგნებიდამ და ჟურნალ გაზეთებიდამ, როგორც ხორცმეტი და ჩვენდა უნებურად ჩვენში ჩამოთესლებული.“
.
„სხვა მწერლებსავით ბატონ ი. ს. გოგებაშვილსაც „დედა-ენაში“ ნახსენები აქვს უცხო სიტყვები: კარანდაში, სტოლი, შკაფი, კრესლო, სტაქანი და სხვები. არ მესმის რა საჭიროა უცხო სიტყვების ხმარება როცა ჩვენ ქართველებს გვაქვს ჩვენი საკუთარი ქართული სიტყვები.“
.
გაზეთი ივერია 1896 წელი #99; #101
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights