გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ოზურგეთში, სუს – ის გურიის სამმართველო გახსნა.
დღეიდან გურია თბილისს, არა ბათუმის გავლით (დღემდე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სუს – ის განყოფილებები აჭარის სუს ის დეპარტამენტში შედიოდნენ), არამედ პირდაპირ დაექვემდებარებიან.
ამ ინფორმაციის გადამოწმება “გურიის მოამბემ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სცადა, თუმცა იქედან გვიპასუხეს, რომ შეკითხვა წერილობით, ვებ გვერდის მეშვეობით უნდა გაგვეგზავნა, ვებ გვერდის ინსტრუქციაში კი მინიშნებულია, რომ პასუხს (თუ ასეთი რამ მოხდება) ელ ფოსტაზე მივიღებთ, ვინაიდან ჩვენი სამსახურეობრივი ელ ფოსტა გატეხილია და ფაქტიურად არ ფუნქციონირებს (დიდი ალბათობით იმავე სამსახურის მიზეზით), დავრჩით ოფიციალური ინფორმაციის გარეშე.
თუმცა ის ფაქტი, რომ ოზურგეთში სუს – ის სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო და ის დაკომპლექტდა კიდეც-ამას სხვა წყაროებიც გვიდასტურებენ.
მიზეზი-თუ რამ განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის-გურიაში-უფლებამოსილებების გაზრდა, მისი გაფართოება და შესაბამისად შემადგენლობის, მინიმუმ, გაორმაგება – უცნობია.
სამმართველოს ადგილსამყოფელი, ჯერჯერობით, შსს გურიის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის ოფისი იქნება.








