გურიის მოამბე

კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს:

პროკურორი მიესალმა სასამართლოს მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთათვის უვადო პატიმრობის მისჯას, ადვოკატებმა კი გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი, უკანონო და შეკვეთილი უწოდეს და განაცხადეს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, – პოტენციურად, სტრასბურგის სასამართლოშიც კი.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხშაბათს, 2026 წლის 6 მაისს გამოაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

გადაწყვეტილებას ჯანგველაძეების ოჯახის ახლობლები და მხარდამჭერები – რომლებიც მრავლად იყვნენ სასამართლოს ეზოში – მიესალმნენ.

განაჩენი: უვადო პატიმრობა

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიუსაჯეს:

  • თბილისელ ბიზნესმენებს, ძმებს, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს;
  • გიორგი ჯოხაძეს, – რომელსაც მედიაში „კრიმინალურ ავტორიტეტს“ უწოდებენ.

სამი მსჯავრდადებულიდან მხოლოდ გიორგი მიქაძე იმყოფება საქართველოში – იგი 2025 წლის 8 აგვისტოდან „წინასწარ პატიმრობაშია“.

დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან.

მიქაძემ 6 მაისის სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, კვლავ უარყო ბრალდება და თქვა, რომ რაც ხდება, „არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა“.

გარეკანზე: გიორგი ჯოხაძე, ლევან ჯანგველაძე, გიორგი მიქაძე, ოთარ ფარცხალაძე და დავით მიქაძე

ასევე ნახეთ

მიქაძეებსა და ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით

„არ არსებობს მტკიცებულებები“ – ადვოკატები

ძმები მიქაძეების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სასამართლოს შესასვლელთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:

„განაჩენი არის უკანონო. არ არსებობდა და არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიქაძეების ბრალს“.

მისი სიტყვებით, გარემოება, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო, ადასტურებს, რომ „საქმე არ გადაწყვეტილა სამარლებრივ ასპექტში“.

მათმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ განაცხადა:

„საქმეში მტკიცებულად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი, [პოლიციელი რომიკო გოგიაშვილის პატაკი], რაც სამართლიანი მართმსაჯულების პირობებში ვერასდროს უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი“.

მისი თქმით, დღეს „მართლმსაჯულება დამარცხდა“:

„დღევანდელ პროცესზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით“, – თქვა შორენა ნიქაბაძემ.

ადვოკატი ლიკა ბითაძე
ადვოკატი ლიკა ბითაძე

გიორგი მიქაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რომეო ტყეშელაშვილის განაჩენი იყო „ყველაზე უკანონო, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო განაჩენი“.

„ამით არაფერი არ დასრულებულა. ყველაფერი გვაქვს წინ, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე. ბევრჯერ გვინახავს პირველ-მეორე ინსტანციაში გამართლებული და მესამეში გამტყუნებული და ასე შემდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე“, – თქვა მან.

„რაც გვეკუთვნოდა, მივიღეთ“ – უცნობი კაცი

ადვოკატ ზვიად კორძაძესთან, – როდესაც ჟურნალისტებთან საუბარს იწყებდა, – მივიდა უცხო პირი, – ჯანგველაძეების მხარდამჭერი, რომელმაც ადვოკატს ხმამაღლა მიმართა და კმაყოფილება გამოხატა გამოტანილი განაჩენისადმი.

  • „ხომ მიიღეთ, რაც გინდოდათ“? – შეკითხვით უპასუხა კორძაძემ.
  • „მივიღეთ“!
  • „თავისუფალი ბრძანდებით“, – უთხრა ადვოკატმა.
  • „რაც გვეკუთვნოდა, ის მივიღეთ. რაც გვეკუთნოდა, იმაზე ნაკლები მივიღეთ“.
  • „თავისუფალი ბრძანდებით“, – გაიმეორა მან.
უცნობი პირი ზვიად კორძაძესთან, სასამართლოს შესასვლელთან
უცნობი პირი ზვიად კორძაძესთან, სასამართლოს შესასვლელთან

„მტკიცებულებათა ერთობლიობით“ – პროკურორი

„საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მან ამ მტკიცებულებებს შორის ჩამოთვალა „მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა“.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა არის უმთავრესი მტკიცებულებები, პროკურორმა დაასახელა, რომ „მთავარი მტკიცებულბა არის მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება, არის რომიკო გოგიაშვილის ინფორმაცია, პატაკი „რომელიც დეტალურად აღწერს დაპირისპირებასთან დაკავშირებით [გარემოებებს]“.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე
პროკურორი ლევან ვეფხვაძე
  • მის მიერ დასახელებული ამ ორი მტკიცებულებიდან პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ არის.
  • მიხეილ ბერძენიშვილი არის ლევან და მერაბ ჯანგველაძეების მამიდაშვილი, რომელმაც მოკლულის დაპირისპირებაზე ისაუბრა მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან;
  • რომიკო გოგიაშვილი კი არის დეტექტივი, რომლის მიერ მომზადებულ პატაკშიც ასევე საუბარია ირაკლი უსოიანის და ფარცხალაძის დაპირისპირებაზე ჯანგველაძესთან; პატაკში ამ ინფორმაციის წყარო არ არის დასახელებული; ამას წინ უძღოდა იმავე შინაარსის ფეისბუკ პოსტის გამოქვეყნება უცნობი პირის, „ჯონათან ჯონის“ მიერ.

პროკურორმა ამ კრიტიკაზე პასუხად თქვა: „დაცვის მხარეც ხშირად აპელირებდა, რომ „პირდაპირი სახის მტკიცებულება არ არსებობს“ და ასე შემდეგ. დასაწყისში, როდესაც ამ საქმის განხილვას ვიწყებდით, – არა მარტო ამ საქმეს, არამედ გელა უძილაურის საქმის განხილვისასაც, – ვამბობდი, რომ ეს არ არის მარტივი საქმე“.

მისი თქმით, „შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის გამოძიება დაკავშირებულია ძალიან ბევრ სირთულესთან“.

„შესაბამისად, ბრალდების მხარემ და საგამოძიებო ორგანომ შეძლო ყველა შესაძლებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ საქმესთან დაკავშირებული, მოიძია“, – თქვა მან.

რადიო “თავისუფლება”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights