ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთ ერთი ბრალდებულის, ზვიად რამიშვილის ავადმყოფობის გამო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე კაპანაძემ სხდომა გადადო.
გამოძიება, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის გარემოცვის წევრებს, ლაშა გიორგაძეს, ალექსანდრე ძმანაშვილს, ზვიად რამიშვილს და ჟიმშერ გიორფაძეს, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულთა ადვოკატს, მერაბ ფუტკარაიას ცნობა, რამიშვილის ავადმყოფობის შესახებ, არ წარმოუდგენია, სხდომა მაინც 12 თებერვლისათვის გადაიდო და ამის წინააღმდეგ არც ბრალმდებელი მხარის, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი წასულა.
20 დღით სხდომის გადადება კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც მოსამართლე დაინტერესდა თუ როგორ მიდიოდა ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის მოლაპარაკებები და რა დრო იყო საჭირო ბრალდებულებთან საპროცესო გარიგების დასადებად.
ადვოკატმა, მერაბ ფუტკარაიამ ორი კვირა ითხოვა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია და ის მაქსიმუმ ორ კვირაში დასრულდება.
ჩვენთან საუბარში დაზარალებული, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი , დავით მჟავანაძე თავდამსხმელებთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს თუმცა, როგორც აცხადებს, ამ თემაზე ის განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
გასული წლის 5 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ-მოსამართლე თორნიკე კაპანაძე-ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები, ლაშა გიორგაძე, ალექსანდრე ძმანაშვილი, ზვიად რამიშვილი და ჟიმშერ გიორფაძე, გირაოთი გაათავისუფლა – მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხივე ბრალდებულს 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
თავდამსხმელებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გასული წლის 3 სექტემბერს, ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. თუმცა, ჩიგოგიძე ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.
ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდებოდა, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმებოდა. დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სკვერს “ვერავინ გაყიდის”
“ინცინდენტი გუშინ მოხდა, როცა პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს ზონდერები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავს დაესხნენ დათოს და ჩვენს თანამოაზრეებს, ჩოხატაურში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად ამისა, პოლიცია არანაირ ქმედით ღონისძიების გატარებას არ აპირებდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ დთო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს ბათუმში მიემგზავრებოდა, დიდი ალბათობით სატელეფონო მოსმენების შედეგად, მაშინვე დაუკავშირდნენ და ეს გადაწყვეტილება აცნობეს’ – გვითხრა მომხდარის შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე გოგუაძემ.
‘არ ვენდობი პოლიციის ექსპერტზას, თუმცა მათთან ერთად გავიარ ყველა პროცედურას, მაგრამ დამოუკიდბელელ ქსპერტიზას და კვლევას მაინც ჩავიტარებ. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს თავის არეში, თავს დღესაც შეუძლოდ ვგრძნობ” – აცხადებდა მჟავანაძე.
ის ასევე კომენტარს, პოლიციის მიერ, მასზე ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებაზე აკეთებდა:
“ეს მორიგი მასკარადი იქნება, ვითომ დააკავეს, შემდეგ გირაოთი გაანთავისუფლებენ, საქმე კი თაროზე შემოიდება, გირაოს ფულს კი ბიუჯეტიდან მოპარული სახსრებით, თავად შემკვეთი, ვასილ ჩიგოგიძე გადაიხდის” – აცხადებდა მჟავანაძე.